მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა ჩაბი ალონსომ „ბარსელონასთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა.
როგორც ესპანელმა სპეციალისტმა აღნიშნა, ეს განსაკუთრებული მატჩია და მისი გუნდი მზადაა. მან არ გააკეთა კომენტარი ლამინ იამალის განცხადებაზე, რომელმაც „რეალს“ ქურდი უწოდა:
„ნათელია, რომ კლასიკო განსაკუთრებულია და მრავალი წელია ასეა. გვჭირდება, რომ სტადიონს დიდი მატჩებისთვის დიდი ენერგია ჰქონდეს. მზად უნდა ვიყოთ, ვითამაშოთ უმაღლეს დონეზე და გვქონდეს საჭირო ენერგია.
იამალის კომენტარი? ისევ ამაზე ვსაუბრობთ? ამაზე არ შევჩერდები. მნიშვნელოვანია ის, თუ როგორ ვითამაშებთ ხვალ. ბარსელონაში ბევრს საუბრობენ და ყველაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. ყველაფერს თავისი დრო აქვს. ფეხბურთელები მზად უნდა იყვნენ, სხვა არაფერზე ვფიქრობ.
მომწონს პროცესის შეფასება. პროგრესი გვაქვს, გაუმჯობესება ჯერ კიდევ შეგვიძლია, მაგრამ მხოლოდ ოქტომბერია და ჯერ არცერთი ტიტული არ გათამაშებულა, ამიტომ, ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი. ყველაზე მნიშვნელოვანი ხვალინდელი დღეა.
მომწონს ჩემი გუნდის თამაში, მაგრამ უკეთაც შეგვიძლია. მყარ საფუძველს ვაშენებთ, მომდევნო ნაბიჯი უნდა გადავდგათ, თუმცა კარგ ფეხბურთს ვთამაშობთ.
მბაპე? ვცდილობთ, გავიგოთ, როგორ შეგვიძლია უფრო ეფექტურები ვიყოთ. რა შეუძლია გააკეთოს, რომ უფრო გამოირჩეოდეს და როგორ შეუძლია იყოს უფრო გადამწყვეტი, არა მხოლოდ გოლებით. გუნდური ხარისხი უმჯობესდება, მბაპე კი ფუნდამენტური ფეხბურთელია.
ჩემი აზრით, ყველა ფეხბურთელი კარგ ფორმაშია, ყველა ძალიან მოტივირებულია და გამარჯვების დიდი სურვილი აქვთ. „იუვენტუსთან“ მატჩის შემდეგ ენერგია ყველამ აღიდგინა. მინდა, მოვიგოთ და გულშემატკივარმა სიამოვნება მიიღონ. ამ მატჩს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს და ეს არის ახლა მთავარი“, - თქვა ჩაბი ალონსომ.
შეგახსენებთ, რომ „რეალისა“ და „ბარსელონას“ მატჩი 26 ოქტომბერს, თბილისის დროით 19:15 საათზე გაიმართება.






