იტალიის სერია A-ს მერვე ტურში „უდინეზემ“ „ლეჩე“ 3:2 დაამარცხა, ხოლო საბა გოგლიჩიძემ ზედიზედ მესამედ შეუცვლელად ითამაშა.
ქართველ მცველს საკმაოდ კარგი თამაში ჰქონდა და საგოლე კომბინაციაშიც მიიღო მონაწილეობა.
„უდინეზემ“ პირველი ტაიმი კარლსტრომისა და დევისის გოლებით 2:0 მოიგო, რასაც „ლეჩემ“ 59-ე წუთზე ბერიშას გოლით უპასუხა. 89-ე წუთზე უდინელებმა მესამე გაიტანეს და მატჩს ინტრიგა მოუკლეს: სწრაფი კონტრშეტევა შესანიშნავი და დროული პასით გოგლიჩიძემ დაიწყო, რომელმაც მანამდე მეტოქეს ბურთი წაართვა. შეტევა ვაკუნ ბაიომ გააგრძელა და ადამ ბუკსამ გოლით დაასრულა. კომპენსირებულ დროში სტუმრებმა ისევ შეამცირეს სხვაობა, მაგრამ მარცხს მაინც ვერ გადაურჩნენ.
საბა გოგლიჩიძეს სერია A-ს მიმდინარე სეზონში 5 მატჩი აქვს ჩატარებული, ხოლო ერთხელ იტალიის თასზეც ითამაშა.
„უდინეზემ“ საკუთარ მოედანზე სერია A-ს მატჩი მარტის შემდეგ პირველად მოიგო, მიმდინარე სეზონში მხოლოდ სტუმრად ჰქონდა გამარჯვებები მოპოვებული. კოსტა რუნიაიჩის გუნდმა ამ მოგებით 12 ქულა დააგროვა და მერვე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 29 ოქტომბერს, „იუვენტუსს“ ესტუმრება.






