ფეხბურთი

21:34 | 26.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ელ კლასიკოში" "რეალმა" გაიმარჯვა

ესპანეთის ლა ლიგის მეათე ტურში მადრიდის „რეალმა“ „ბარსელონა“ დაამარცხა და ლიდერობა კიდევ უფრო განიმტკიცა.

როგორც ყოველთვის, „ელ კლასიკო“ ახლაც დაძაბული გამოდგა. თუმცა, „რეალმა“ ის უკეთ ჩაატარა და გამარჯვებაც დამსახურებულად მოიპოვა.

მატჩის დასაწყისიდანვე „სამეფო კლუბი“ გაცილებით აქტიურობდა, უფრო სახიფათოდ უტევდა, რაც შედეგშიც ასახა. ანგარიში 22-ე წუთზე გაიხსნა, როცა „ბარსას“ დაცვის მორიგი ჩავარდნით კილიან მბაპემ ისარგებლა და გაიტანა.

„რეალს“ კიდევ არაერთხელ შეეძლო უპირატესობის გაზრდა, მაგრამ ვოიცეხ შჩესნიმ მეტოქეს არაერთხელ შეუშალა ხელი. პოლონელი მეკარე შესანიშნავად ირჯებოდა. და, სწორედ, მაშინ, როცა „რეალის“ გოლი მწიფდებოდა, „ბარსელონამ“ გაათანაბრა. არდა გიულერის შეცდომა სტუმრებმა გამოიყენეს და ფერმინ ლოპესმა გაიტანა.

ტაიმის ბოლომდე ცოტა დრო რჩებოდა, მაგრამ მადრიდელებმა შესვენებამდე უპირატესობა მაინც მოიპოვეს. დაცვა კიდევ ერთხელ შეცდა, როცა კარის წინ ჯუდ ბელინგემი მარტო დატოვეს და ინგლისელმაც გაიტანა. მეორე ნახევარში „რეალი“ უფრო ახლოს იყო მესამე გოლთან, ვიდრე „ბარსა“ გათანაბრებასთან. მაგალითად, 52-ე წუთზე, როცა მბაპემ პენალტი ვერ გაიტანა. ფრანგს დუბლის შესრულებაში ხელი შჩესნიმ შეუშალა.

საბოლოოდ, ჩაბი ალონსომ „რეალის“ მწვრთნელის რანგში პირველი „ელ კლასიკო“ მაინც მოიგო, რადგან დარჩენილ დროში ანგარიში აღარ შეცვლილა - 2:1.

„რეალს“ ლა ლიგაში 10 ტურის შემდეგ 27 ქულა აქვს და მომდევნო ტურში „ვალენსიას“ უმასპინძლებს, ხოლო „ბარსელონას“ აქტივში 22 ქულა და „ელჩეს“ შინ შეხვდება.

„რეალი“ – „ბარსელონა“ 2:1 (2:1)

გოლები: 1:0 მბაპე (22), 1:1 ლოპესი (38), 2:1 ბელინგემი (43)

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.095505