თავისუფალ ჭიდაობაში მსოფლიოს 23-წლამდე ჩემპიონატზე 97 კგ წონით კატეგორიაში მერაბ სულეიმანიშვილი ფინალში გავიდა.
ქართველმა მოჭიდავემ ინდოელ ვიკი ვიკის 15:13, უკრაინის სახელით მოასპარეზე დავით მჭედლიძეს 10:4 და რუს სოსლავ ძაგაევს 16:5 აჯობა, რის შედეგადაც ოქროსთვის ბრძოლის უფლება მოიპოვა. 27 ოქტომბერს, ის ფინალში იაპონელ არაშ იოშიდას გაეჯიბრება.
ხვალვე, ბრინჯაოსთვის გავა ხალიჩაზე თორნიკე სამხარაძე (86 კგ), რომელიც ნახევარფინალში არსენ ბალაიანთან 0:10 დამარცხდა. იქამდე სამხარაძემ ესპანელ გაბრიელ რამოსს 10:0, ფინელ მიკო მარკუს ელკალას 7:2 და ბულგარელ რადომირ სტოიანოვს 13:1 სძლია.
თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები ჯერჯერობით, მსოფლიოს ჩემპიონატზე უმედლოდაა, მაგრამ ბოლო საშეჯიბრო დღეს ვერცხლი გარანტირებულია, თუმცა არსებობს ოქროს და ბრინჯაოს შანსი.
მანამდე მსოფლიოს 23-წლამდე ჩემპიონატი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ჩატარდა, სადაც საქართველომ ორი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.









