რაგბი

0:04 | 27.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

დიდი 10 | არესი 37:18 გორი

ქუთაისის ‘არესმა’ crocobet დიდი 10-ის მეშვიდე ტურში ‘გორს’ 37:18 სძლია, 5 ლელოს გატანისთვის ბონუს-ქულაც ჩაიწერა და სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე დაბრუნდა.

„აია არენაზე“ თამაში მასპინძლების შეტევებით დაიწყო, ელგუჯა მარგველაშვილის შებრუნებული პასის შემდეგ დავით კვირიკაშვილმა ხაზი გაჭრა და მასპინძლები ლელოთი დააწინაურა. ცოტნე კვესელავამ გარდასახვა ვერა, თუმცა მე-11 წუთზე ჯარიმა გაიტანა. მამუკა ნინიძემ 8 წუთში ორი ზუსტი ჯარიმით უპასუხა, მაგრამ 25-ე წუთზე ‘გორმა’ აპიმელეკი ნამბოლენგა სინბინით დაკარგა და 10-წუთიანი რიცხობრივი უპირატესობით ქუთაისელებმა ისარგებლეს. კვესელავამ იქვე ჯარიმა გაიტანა, ხოლო ორ წუთში შერკინების შემდეგ ბურთი ფრთაზე ჩათამაშდა და იაგო ხაბულიანმა ლელო მიითვალა.

34-ე წუთზე ყვითელი ბარათი უკვე საბა ჯღარკავამ მიიღო და ‘არესმა’ რიცხობრივი უპირატესობით ერთხელაც ისარგებლა, ხელდახელ კონტრშეტევა ელგუჯა მარგველაშვილის ლელოთი და კვესელავას გარდასახვით დასრულდა. თამაში რომ განახლდა ნამბოლენგამ მეტოქეს ფეხით თამაშისას დაუფარა, ლელო გაიტანა და ნინიძემ გარდასახვით ტაიმის ანგარიში დააფიქსირა - 23:13.

მეორე ტაიმი ‘არესის’ შეტევებით დაიწყო და 46-ე წუთზე ბაქარ ბურჯალიანმა ძალისმიერი ლელო შეიტანა, კვესელავამ კი გარდასახა. ‘გორი’ არ გატყდა და ხელდახელ შეტევის შემდეგ ნიკა ბიწაძემ ლელოთი ჩამორჩენა შეამცირა, თუმცა მასპინძლები ინიციატივას ფლობდნენ და ნიკა კილაძემ 65-ე წუთზე ბონუსის მომტანი ლელო გაიტანა, კვესელავამ კი გარდასახვით საბოლოო შედეგი დააფიქსირა - 37:18.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე ‘არესის’ ცენტრი დავით კვირიკაშვილი გახდა. ქუთაისელებს ‘ბათუმის’ მსგავსად 27 ქულა აქვთ და მას დამატებითი მაჩვენებლებით აღემატებიან. ‘გორი’ 11 ქულით მე-8 პოზიციაზეა.

RUGBY.GE

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.091642