ტურინის "იუვენტუსს" იგორ ტუდორი აღარ გაწვრთნის, აღნიშნული ინფორმაცია უკვე ოფიციალურად დადასტურდა.
როგორც ჩანს, ტურინული კლუბის ხელმძღვანელობამ ტუდორს "ლაციოსთან" წაგება (0:1) არ აპატია და დაკავებული თანამდებობიდან დაითხოვა. ამასთან ერთად ისიც სათქმელია, რომ "იუვენტუსს" 13 სექტემბრის შემდეგ არ მოუგია (5 ფრე, 3 წაგება), ბოლო სამი მატჩი წააგო, ბოლო 394 წუთია, რაც გოლიც ვერ გაიტანა.
47 წლის ტუდორმა "იუვენტუსი" მიმდინარე წლის მარტში ჩაიბარა და კლუბმა მისი თაოსნობით გასული წლის სერია A-ს სეზონი მე-4 ადგილზე დაასრულა.
შეგახსენებთ, რომ "იუვენტუსს" მიმდინარე სეზონში 8 ტურის შემდეგ 12 ქულა აქვს და გათამაშების ცხრილში მე-8 ადგილს იკავებს.
"იუვენტუსის" ახალი მწვრთნელის ვინაობა უახლოეს დღეებში გაირკვევა. კანდიდატებს შორის არიან ლუჩანო სპალეტი, რაფაელე პალადინო და რობერტო მანჩინი. ოთხშაბათს, "უდინეზესთან" კი, გუნდს დროებით მასიმო ბრამბილა უთავკაცებს, რომელიც 23-წლამდელთა გუნდის მწვრთნელია.






