სხვა

22:40 | 27.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

ევროპის მძლეოსნობის ლიდერთა დიდი ფორუმი ბათუმში

ბათუმში გაიმართა ევროპის მძლეოსნობის კონგრესი, რომელშიც 49 ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. კონტინენტის მძლეოსნობის ხელმძღვანელებმა, მმართველი საბჭოს წევრებმა და დელეგატებმა იმსჯელეს სპორტული წლის მნიშვნელოვან შეჯიბრებებზე, მძლეოსნობის განვითარების აქტუალურ საკითხებზე, შეაჯამეს გაწეული საქმიანობა, შეიმუშავეს სამოქმედო გეგმა.

კონგრესის დასკვნით დღეს ჩატარდა გალა-დაჯილდოების ცერემონია - "Golden Tracks." შეკრებილ საზოგადოებას სხვებთან ერთად მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა. მან ხაზი გაუსვა მძლეოსნობის განსაკუთრებულ როლსა და მნიშვნელობას მსოფლიო სპორტში, მადლობა გადაუხადა ევროპის მძლეოსნობის მესვეურებს ქართველი კოლეგების მხარდაჭერისთვის და გამოთქვა მზადყოფნა, კიდევ უფრო აქტიურად ითანამშრომლოს საქართველოს მძლეოსნობის ფედერაციასთან.

გამოვლინდნენ ევროპის 2025 წლის საუკეთესო მძლეოსნები (ქალი და მამაკაცი), ასევე ყველაზე პერსპექტიული ახალგაზრდა სპორტსმენები. წლის ლაურეატები გახდნენ და მთავარი პრიზები მიიღეს ნიდერლანდელმა მორბენალმა ქალმა ფემკე ბოლმა და შვედმა ჭოკით მხტომელმა არმანდ დუპლანტისმა. ორივე მათგანი მსოფლიო მძლეოსნობის ლიდერია - ოლიმპიური თამაშების, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი, მსოფლიოს რეკორდსმენი. სპეციალური პრიზები მიიღეს მწვრთნელებმა, მსაჯებმა და ევროპული მძლეოსნობის თვალსაჩინო წარმომადგენლებმა. მწვრთნელთა შორის სხვებთან ერთად გამოარჩიეს მარინე კოტრიკაძე და ზიგმუნდ ზილბერშტეინი, რომელიც სეოკ-ის სამცხე-ჯავახეთის რეგიონულ ორგანიზაციას ხელმძღვანელობს.

სტუმრების შეფასებით, საქართველომ, ბათუმმა ღირსეულად უმასპინძლა წარმომადგენლობით ფორუმს. ევროპული მძლეოსნობის ლიდერმა დობრომირ კარამარინოვმა კონგრესის დელეგატთა სახელით მადლობა გადაუხადა ქართულ მხარეს გაწეული ნაყოფიერი საორგანიზაციო საქმიანობისთვის, განსაკუთრებით კი გამოყო საქართველოს მძლეოსნობის ფედერაციის პრეზიდენტის, ალექსი ახვლედიანის მნიშვნელოვანი პირადი წვლილი ამ საქმეში.

GEONOC.ORG.GE

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.217044