crocobet დიდი 10-ის მეშვიდე ტურის დასკვნით მატჩში სტეფანწმინდის ‘ყაზბეგმა’ თბილისის ‘ხვამლი’ „ხვამლი არენაზე“ 33:20 დაამარცხა.
სტეფანწმინდელებისთვის ეს მესამე წაუგებელი თამაში იყო, საიდანაც ბოლო ორი მოიგეს და ჯამში 11 ქულით ბოლოსწინა მე-9 ადგილზე აღზევდნენ. ‘ხვამლს’ 16 ქულა დარჩა და მე-4 პოზიცია შეინარჩუნა.
თამაში სტუმრების შეტევებით დაიწყო და ოთარ ტალახაძემ ‘ყაზბეგი’ მე-8 წუთზე ჯარიმით დააწინაურა. მეორე ჯერზე მას გასატანი პოზიციიდან ჯარიმა გაუფუჭდა, თუმცა ტაიმის შუაში 5-მეტრიანი შერკინების შემდეგ გიგი გიგინეიშვილმა ლელო გაიტანა და ტალახაძემ გარდასახა. ‘ხვამლმა’ ნიკა ცინცაძის ჯარიმით უპასუხა, მაგრამ ტაიმის ბოლოს ჯარიმა ტალახაძემაც გაიტანა და საკუთარ გუნდს 10-ქულიანი უპირატესობა დაუბრუნა.
მეორე ტაიმის დასაწყისში მასპინძლებმა ზურა ქობელაშვილის ჯარიმით ჩამორჩენა ისევ შეამცირეს. ტალახაძეს ცენტრიდან ჯარიმა გაუცუდდა, თუმცა თამაში რომ განახლდა ცენტრის სიახლოვეს ბურთს სირილო ლოვოკურო დაეუფლა, ხაზი გაჭრა და ძელებსშუამდე ირბინა. მე-60 წუთზე ‘ყაზბეგის’ მორიგი შეტევის შემდეგ გიორგი ზაგაშვილმა ხაზი გაჭრა და გიორგი ხუროშვილმა ლელო გაიტანა. ტალახაძემ ორივე გარდასახა და ‘ყაზბეგის’ უპირატესობა 21 ქულამდე გაზარდა.
დასკვნით წუთებში მუხიანელები თამაშში დაბრუნდნენ. 5-მეტრიანი დერეფნიდან გათამაშებული კომბინაციის შემდეგ ლელო გიორგი ვარდოსანიძემ მიითვალა, 76-ე წუთზე კი ‘ხვამლმა’ 5-მეტრიანი შერკინებიდან შეუტია, შეტევის მიმართულება შეცვალა და ლაშა კაკაურიძემ მასპინძელთა მეორე ლელო მიითვალა. დაჩი წიკლაურმა ორივე გარდასახა და ჩამორჩენა 1 გარდასახულ ლელომდე დაიყვანა, მაგრამ მერე ტალახაძემ ორი ზუსტი ჯარიმა შეასრულა და ‘ყაზბეგს’ 33:20 მოაგებინა.
მატჩის საუკეთესო მოთამაშე გიგი გიგინეიშვილი გახდა.
RUGBY.GE









