ცნობილმა ფრანგმა ჟურნალისტმა დანიელ რიოლომ l'After Foot-თან ინტერვიუს დროს "პარი სენ-ჟერმენზე" ისაუბრა და კომენტარი ხვიჩა კვარაცხელიაზეც გააკეთა. RMC Sport-ის ჟურნალისტის აზრით, პარიზელთა მთავარი მწვრთნელი ლუის ენრიკე ქართველის მიმართებით ჯიუტად იქცევა.
„არის ერთი საკითხი, სადაც ლუის ენრიკე ჯერ კიდევ ცოტა ჯიუტია და ეს არის კვარაცხელიას მარჯვენა ფლანგზე თამაში. ჩვენ ნათლად ვხედავთ, რომ ეს არ მუშაობს და კვარაცხელია თავისი თვისებების გამოვლენას ვერ ახერხებს. თუ ენრიკეს თავისი ფეხბურთელების ტრანსფორმაცია სურს და საკუთარ თავში დარწმუნებულია, შეუძლია ასე განაგრძოს. მას შეუძლია კვარას მარჯვნივ დაყენება "ბრესტისა" და "ლორიენის" წინააღმდეგ, მაგრამ დიდ მატჩებში ეს არ მუშაობს და პრობლემაა", - განაცხადა დანიელ რიოლომ.
შეგახსენებთ, რომ ლუის ენრიკე ახალ სეზონში ხვიჩა კვარაცხელიას ძირითადად მარჯვენა ფლანგზე აყენებს, ხოლო მარცხნიდან უმეტესწილად ბრედლი ბარკოლას ვხედავთ.
ქართველ ფეხბურთელს მიმდინარე სეზონში, ყველა ტურნირის გათვალისწინებით, 10 მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული და თავი 2 გოლითა და 1 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.









