თურქეთის ფეხბურთში დიდი სკანდალია, როგორც თურქეთის ფეხბურთის ფედერაციამ დაადასტურა მსაჯების 65%-ი ტოტალიზატორში უკანონო ფსონებს ახორციელებდა.
ჯამში 571 მსაჯიდან 371-ს აქვს ტოტალიზატორის ანგარიში, ხოლო 152 აქტიურად თამაშობდა და ფსონებს დებდა. ერთ-ერთმა მათგანმა კი, ფსონის სახით 18227 (კონკრეტული ვალუტა არ იყო მითითებული) დადო.
როგორც ირკვევა, ბრალდებულებიდან 7 მთავარი და 15 დამხმარე მსაჯია თურქეთის სუპერლიგიდან. მათ ჯამში 1000 მატჩზე დადეს ფსონი.
აღნიშნულთან დაკავშირებით, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა იბრაჰიმ ეთემ ჰაჯიოსმანოღლუმ განცხადება გააკეთა და ყველას დაჰპირდა, რომ ფაქტში მონაწილე პირები უმკაცრესად დაისჯებიან.
"თუ გვინდა, რომ თურქული ფეხბურთი იმ ადგილას მივიყვანოთ, რასაც იმსახურებს, უნდა გავწმინდოთ ნებისმიერი ჭუჭყი. გპირდებით, რომ ყველა მათგანი უმკაცრესად დაისჯება, როგორც ჩვენგან, ისე FIFA-ს მხრიდან", - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ TFF-ის წესები ერთ წლამდე დისკვალიფიკაციას იძლევა. თუმცა, FIFA-ს შეუძლია სამწლიანი დისკვალიფიკაცია და თითქმის 100 ათასი ფუნტის ოდენობის ჯარიმა დააკისროს თითოეულ მათგანს.









