იტალიის სერია A-ს მეცხრე ტურში „იუვენტუსმა“ „უდინეზე“ დაამარცხა, რითაც 8-მატჩიანი მოუგებელი და 3-მატჩიანი წაგებების სერია შეწყვიტა.
„იუვემ“ 13 სექტემბრის შემდეგ პირველად მოიგო. იგორ ტუდორის გათავისუფლებისა და იქამდე, სანამ ლუჩანო სპალეტი ოფიციალურად დაინიშნება, „იუვეს“ დროებითი მწვრთნელი ჰყავდა - მასიმო ბრამბილა, რომელმაც გუნდს 3 ქულა მოაპოვებინა.
„უდინეზეს“ რიგებში შეუცვლელად ითამაშა საბა გოგლიჩიძემ, თუმცა, სამწუხაროდ, არ გამოუვიდა კარგი თამაში - ორი პენალტი აიკიდა. მეხუთე წუთზე საბამ საჯარიმოში დუშან ვლაჰოვიჩი წააქცია (ქართველმა ყვითელი ბარათიც მიიღო) და თერთმეტმეტრიანი დინიშნა, რომელიც სერბმა გოლად აქცია. შემდეგ „იუვეს“ ბევრი შანსი ჰქონდა გასატანად, მიზანს ვერ მიაღწია, ხოლო „უდინეზემ“ ტაიმის მიწურულს პირველი შანსი გამოიყენა და ნიკოლო ძანიოლომ გაათანაბრა.
მეორე ტაიმის სტარტზე, 51-ე წუთზე გოგლიჩიძე ორჯერ ახლოს იყო გოლთან: ჯერ მისი თავური მეკარემ კუთხურზე მოიგერია, იმავე კუთხურის შემდეგ კი საბა ერთი შეხებით ურტყამდა - არაზუსტად.
ამ მომენტებიდან „იუვენტუსმა“ დიდი უპირატესობა მოიპოვა და ბევრი საგოლე მომენტი შექმნა, მიზანსაც მიაღწია: 67-ე წუთზე ფედერიკო გატიმ თავით გაიტანა, გოგლიჩიძის ზონიდან. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ქართველი მცველი საჯარიმოში ქენან ილდიზზე დაჯარიმდა და ისევ პენალტი დაინიშნა, რომელიც უკვე თურქმა გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 3:1.
საბა გოგლიჩიძემ ზედიზედ მეოთხედ ითამაშა უდინელთა ძირითად შემადგენლობაში, სულ მეექვსე მატჩი ჩაატარა სერია A-ს მიმდინარე სეზონში.
„იუვენტუსი“ 15 ქულით მეექვსე ადგილზეა და მომდევნო ტურში „კრემონეზეს“ ესტუმრება, ხოლო „უდინეზეს“ 12 ქულა აქვს, მეცხრეა და „ატალანტას“ უმასპინძლებს.
„იუვენტუსი“ – „უდინეზე“ 3:1 (1:1)
გოლები: 1:0 ვლაჰოვიჩი (5, პენ), 1:1 ძანიოლო (45), 2:1 გატი (67), 3:1 ილდიზი (90, პენ)









