ფეხბურთი

0:00 | 30.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ-მ ლიგა 1-ში ქულები ისევ დაკარგა, კვარამ შეცვლაზე ითამაშა, "მეცმა" სეზონში პირველად მოიგო

საფრანგეთის ლიგა 1-ში „პარი სენ-ჟერმენმა“ მორიგი ქულები დაკარგა. ლუის ენრიკეს გუნდმა მე-10 ტურში „ლორიენს“ ვერ მოუგო.

ესპანელმა სპეციალისტმა შემადგენლობაში ისევ როტაციას მიმართა, რამაც არ გაამართლა. 49-ე წუთზე პსჟ ნუნუ მენდეშმა დააწინაურა, მაგრამ ორ წუთში იგორ სილვამ გაათანაბრა და გუნდებმა ქულები გაიყვეს (1:1), რადგან დარჩენილ დროში ანგარიში არ შეცვლილა.

ხვიჩა კვარაცხელია არ იყო ძირითად შემადგენლობაში, მოედანზე 62-ე წუთზე უსმან დემბელეს ნაცვლად შევიდა, გოლის გატანის შანსიც ჰქონდა, მაგრამ ვერ მოახერხა.

ხვიჩა კვარაცხელიას ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში 8 მატჩში გოლი არ გაუტანია, ხოლო ერთხელ საგოლე პასი მიითვალა. ყველა ტურნირის გათვალისწინებით ქართველი ფეხბურთელის აქტივში 11 მატჩი, 2 გოლი და 2 საგოლე პასია.

„პარი სენ-ჟერმენი“ 21 ქულით ისევ ლიდერია, მომდევნო ტურში კი პირველ ნოემბერს, „ნიცას“ უმასპინძლებს.

მიმდინარე სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა „მეცმა“, რომელმაც საკუთარ მოედანზე მეორე ადგილოსანი „ლანსი“ 2:0 დაამარცხა. მასპინძლებმა მატჩის მიწურულს ორჯერ გაიტანეს და როგორც იქნა მოიგეს. გიორგი წიტაიშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 81-ე წუთამდე ითამაშა, მის ნაცვლად კი თამაშში გიორგი აბუაშვილი ჩაერთო.

„მეცი“ 5 ქულით ისევ ბოლო ადგილზეა, ხოლო მომდევნო ტურში 2 ნოემბერს, „ნანტს“ უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.089754