იტალიის სერია A-ს მეცხრე ტურში „იუვენტუსმა“ საკუთარ მოედანზე საბა გოგლიჩიძის „უდინეზეს“ უმასპინძლა და მეტოქე 3:1 დაამარცხა. ამ მოგებით "იუვემ" 8-მატჩიანი მოუგებელი და 3-მატჩიანი წაგებების სერია შეწყვიტა.
„უდინეზეს“ რიგებში შეუცვლელად ითამაშა საბა გოგლიჩიძემ, თუმცა, სამწუხაროდ, არ გამოუვიდა კარგი თამაში - ორი პენალტი აიკიდა. მეხუთე წუთზე საბამ საჯარიმოში დუშან ვლაჰოვიჩი წააქცია (ქართველმა ყვითელი ბარათიც მიიღო) და თერთმეტმეტრიანი დაინიშნა, რომელიც სერბმა გოლად აქცია. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ქართველი მცველი საჯარიმოში ქენან ილდიზზე დაჯარიმდა და ისევ პენალტი დაინიშნა, რომელიც უკვე თურქმა გაიტანა და მატჩში საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 3:1.
საბა გოგლიჩიძის თამაშს გამოეხმაურა იტალიური მედია, რომლებმაც ქართველის მიმართ კრიტიკა არ დაიშურეს:
Udinetoday – 4 ქულა - "ქართველი ფეხბურთელისთვის კატასტროფული თამაში იყო. მას გაშვებული გოლებიდან ყველაში ეკისრება პასუხისმგებლობა. ამასტან ერთად ის მოედანზე მტელი მატჩის განმავლობაში დაბნეული და დაძაბული იყო"
Tuttomercatoweb - 4 ქულა - "მატჩის საწყისი წუთებიდან დაბნეული იყო და "უდინეზეს" ცუდი შედეგის მთავარი მიზეზი იყო. მან ორი პენალტი აიკიდა, ჯერ მატჩის დაწყებისას ვლაჰოვიჩის წინააღმდეგ, ხოლო თამაშის მიწურულს იგივე გააკეთა ილდიზის წინააღმდეგ"
Eurosport.it - 4 ქულა - "ორჯერ დაჯარიმდა, რომელსაც ორივე შემთხვევაში პენალტი მოჰყვა. ამის გარდა მის თამაშში დაბნეულობა შეინიშნებოდა. გოგლიჩიძე კატასტროფული დაცვის მთავარი გმირი იყო"
შეგახსენებთ, რომ საბა გოგლიჩიძემ ზედიზედ მეოთხედ ითამაშა უდინელთა ძირითად შემადგენლობაში, სულ მეექვსე მატჩი ჩაატარა სერია A-ს მიმდინარე სეზონში. „იუვენტუსი“ 15 ქულით მეექვსე ადგილზეა და მომდევნო ტურში „კრემონეზეს“ ესტუმრება, ხოლო „უდინეზეს“ 12 ქულა აქვს, მეცხრეა და „ატალანტას“ უმასპინძლებს.






