სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

10:23 | 2.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

ინგლისო, ელოდე მას!

ყოველთვის ვიცოდი, მეტიც - დარწმუნებული ვიყავი, რომ ფეხბურთის ძალა უსაზღვროა და ადამიანში მაშინაც კი შეიძლება იფეთქოს, როდესაც გგონია რომ აღარ ვიცვლებით და არც გემოვნება და განწყობა შეგვეცვლება.

ერთხელ რომარიომ თქვა: „მე რომ ფეხბურთი არ მყვარებოდა და მხოლოდ პროფესიონალური უნარების ხარჯზე მეთამაშა (როგორც ბევრი ფეხბურთელი თამაშობს) ყველაზე უბედური ადამიანი ვიქნებოდი, რადგან ბედნიერი ვერასოდეს გახდები, როცა წარმოდგენაც კი არ გაქვს, როგორ დიდ საქმეს ემსახურები და რა შეგიძლია გააკეთო ამ საქმით სხვა ადამიანებისთვის“.

ეს წანამძღვარი დამჭირდა იმისთვის რომ ჩემს მეგობარზე გიამბოთ. ჩემს მეღვინე და მუსიკოს მეგობარზე, რომელიც რამდენიმე წელში 50 წლის გახდება და მის ცხოვრებაში აქამდეც ბევრი რამ იყო ისეთი, უცხო ადამიანი (გალაკტიონი რომ იტყოდა - „მოდარაჯე კაცის თვალი“) რომ დაინტერესდება. ბოლოს და ბოლოს „ბითლომან“ კაცზე ვსაუბრობ, რომელსაც „ბითლზის“ დიადი ლივერპულური ოთხეული პროფესიონალურად უყვარს, ესმის, უკრავს, განიცდის, ფიქრობს, პოპულარიზებს და მის ამ სიყვარულში იოტისოდენაც კი არაა მიმბაძველობა. სულ ასე იყო. სულ უყვარდა მუსიკა, ლენონი და მაკკარტნი, რინგო და ჰარისონი... მერე მეღვინეობას მოჰკიდა ხელი, ბუნებრივი ღვინის დაყენების საიდუმლოებებს ჩაუღრმავდა და მის ცხოვრებაში ყველაფერი იყო ისე, „როგორც უნდა ყოფილიყო“, სანამ შარშან არ დამირეკა და საფეხბურთო კლუბ „ლივერპულის“ შესახებ ყველაფერი არ მომაყოლა რაც ვიცი, არ ვიცი და რაც შეიძლება გავიხსენო.

ფეხბურთზე ადრე არასდროს გიჟდებოდა. ხანდახან, ისიც ფეხბურთის მოყვარული მეგობრების გამოსაჯავრებლად, ამბობდა, „მანჩესტერ იუნაიტედის“ გულშემატკივარი ვარო და თუ მუნდიალი ან ევროპის ჩემპიონატი იყო, ჩვენთან ერთად ლუდს სვამდა და ჩვენს, ფეხბურთის თანმხლებ ემოციებზე ხალისობდა. ეს იყო და ეს.

თუმცა, როგორც დასაწყისში უკვე ვთქვი, ფეხბურთს ყველაფერი შეუძლია და ეს ჩემი მეგობარი ახლა არის „ლივერპულის“ ისეთი გულშემატკივარი, დიად „ენფილდ როუდზე“ გამოჭიმულ არაერთ წითურ ბიძას ჩაისვამს ჯიბეში, სადაც ჯერ მხოლოდ ღვინის გასახსნელი კორპსაძრობი უდევს და დიდი ეჭვი მაქვს, მალე „ლივერპულის“ წითელ საკლუბო დროშასაც ჩაიდებს.

ერთ რამედ ღირს მისი სატელეფონო ზარები „ლივერპულის“ თამაშების შემდეგ. პირველყოვლისა, რა თქმა უნდა, გიორგი მამარდაშვილის, შემდეგ მოჰამედ სალაჰის, შემდეგ შვედი ისაკის, ჰოლანდიელი ვან დაიკის და სხვათა და სხვათა გარჯას ისეთი ემოციით გიყვება, როგორც მაგალითად საფერავის დუღილის დასრულებას და რქაწითელის ქვევრების გაზაფხულზე გახსნას შეიძლება ახლდეს. ამ განხილვას თუ გარჩევას, თან სდევს იმ ბედნიერ წამებზე ოცნება, როდესაც „გინესის“ ლუდით გვარიანად ჩაბიჟვინებულები ერთად შევაბიჯებთ „ენფილდის“ მრავლისმნახველ კედლებში და ერთად დავაგუგუნებთ (ჩემი დაგუგუნებული არ გაიშვას) „ლივერპულის“ უძველეს, უმაგრეს და ჭეშმარიტად უკვდავ ჰიმნს - „შენ არასდროს ხარ მარტო“.

როგორც უკვე გითხარით, მუსიკოსია ეს ჩემი მეგობარი. ჰოდა, ერთ დღეს არ დაიზარა, „ლივერპულის“ ხსენებული ჰიმნი დეტალებში ჩაშალა, იწვალა, ივაგლახა, გიტარაზე დაუკრა, იმღერა კიდეც, მაგრამ ჯერ ვერაა მიღწეული შედეგით კმაყოფილი, რადგან დარწმუნდა, რომ ეს სიმღერა მხოლოდ და მხოლოდ მაშინაა უზომოდ ეფექტური, როცა ბევრი ხალხი მღერის. თან, რა თქმა უნდა, სულ სხვა ემოციური ფონი სდევს, როდესაც სტადიონზე ათიათასობით ადამიანი ხმაშეწყობილად მღერის.

ის ჭეშმარიტება, რომ „ლივერპულის“ ჰიმნი განსაკუთრებულად მაგრად სტადიონზე იმღერება, ჩემს მეგობარს დამატებით სტიმულს აძლევს, რომ აიხდინოს სურვილი და ეწვიოს ინგლისს, ჩავიდეს ლივერპულში და შეაღოს კარი „ენფილდისა“. არადა ადრე ინგლისში არაერთხელაა ნამყოფი. უბრალოდ მაშინ სხვა ადამიანი იყო. სხვა როგორ? გარეგნულად იგივე, მაშინაც უყვარდა კარგი ლუდი, ვისკი და ღვინო, მაშინაც ეტრფოდა „ბითლზს“, მაგრამ სულ სხვა ადამიანი იყო, რადგან მაშინ არ უყვარდა ფეხბურთი. ახლა კი ელოდე მას ლივერპულო და ინგლისო! ელოდე ქართველ კაცს გიტარით, ქვევრის ღვინით და აწ უკვე ფეხბურთის, დიდი ფეხბურთის სიყვარულით!

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.091372