საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-11 ტურში „პარი სენ-ჟერმენმა“ „ნიცას“ დრამატულ ბრძოლაში 1:0 აჯობა.
ლუის ენრიკეს გუნდს ლიგა 1-ის ბოლო ოთხ ტურში მხოლოდ ერთი თამაში ჰქონდა მოგებული და ახლაც, ძალიან ახლოს იყო, რომ ქულები ისევ დაეკარგა. პსჟ-ს მთელი თამაში არაფერი გამოსდიოდა, ყველაფერი უგოლო ფრეზე მიანიშნებდა, რადგან „ნიცა“ თავს შესანიშნავად იცავდა.
კომპენსირებულ ბოლო, მეოთხე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიას შესანიშნავი ჩაწოდების შემდეგ გონსალო რამოშმა თავით დაარტყა და „ნიცა“ მეკარემ საოცარი სეივით იხსნა. კუთხური დაინიშნა, რომელიც გოლით დასრულდა: კან-ინ ლიმ ჩააწოდა, პირველ ძელთან თავით ბურთზე კვარაცხელიამ ითამაშა და საგოლე პასი გააკეთა, რადგან რამოშმა ამჯერად მოახერხა თავით ზუსტად დარტყმა. მოკლედ, კვარაცხელია-რამოშის ორმა კომბინაციამ მატჩის ბედი გადაწყვიტა.
გოლის შემდეგ თამაში არც განახლებულა, დასრულდა და ლუის ენრიკეს გუნდმა ბოლო შეტევაში გატანილი გოლით გაიმარჯვა.
ხვიჩა კვარაცხელიას ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში 9 მატჩში გოლი არ გაუტანია, ხოლო ორჯერ საგოლე პასი მიითვალა. ყველა ტურნირის გათვალისწინებით ქართველი ფეხბურთელის აქტივში 12 მატჩი, 2 გოლი და 3 საგოლე პასია.
„პარი სენ-ჟერმენი“ 24 ქულით ლიდერია და მომდევნო ტურში 9 ნოემბერს, „ლიონს“ ესტუმრება, თუმცა მანამდე 4 ნოემბერს, ჩემპიონთა ლიგაზე „ბაიერნს“ უმასპინძლებს.









