საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა „კარპატის თასზე“ მეორე მატჩი მასპინძელ რუმინეთთან ჩაატარა. შეხვედრა ბაია მარეს „ლასკერ პანეს“ სპორტკომპლექსში გაიმართა და ჩვენს გუნდს წარმატება კვლავაც მოეტანა.
ანგარიში რუმინელებმა გახსნეს, თუმცა მალევე ნიკოლოზ კალანდაძის გადაცემით ერეკლე არსენაშვილმა გაიტანა, ხოლო რამდენიმე წუთში თავად კალანდაძემაც გახსნა გოლების ანგარიში. სლოვაკეთთან გამხსნელი მატჩისგან განსხვავებით, ტიტე კალანდაძის გუნდს სასტარტო მღელვარება არ გასჩენია და ეს პირველი ნახევრის შედეგზეც აისახა – 16:14 საქართველოს სასარგებლოდ.
მეორე ტაიმის დასაწყისშივე კალანდაძემ გოლების რაოდენობა გაზარდა, საქართველოს ნაკრებმა კი რუმინელებთან უპირატესობა შეინარჩუნა და საბოლოოდ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა – 30-27.
ორივე გუნდიდან საუკეთესო კვლავ ნიკოლოზ კალანდაძე იყო - 11 გოლი და 6 შედეგიანი პასი. ექვსი ბურთით მეორე შედეგი ერეკლე არსენაშვილს ჰქონდა.
მნიშვნელოვანი იყო გიგი რუხაძის ჩართვაც, რომელმაც 6 სეივი შეასრულა და ერთი გოლიც გაიტანა. გუნდის წარმატებაში დიდი წვლილი შეიტანა მირიან გავაშელიშვილმა - 5 გატანილი ბურთი და ერთი ასისტი.
საქართველოს ნაკრები მესამე შეხვედრას 2 ნოემბერს უკრაინასთან ჩაატარებს. თუმცა, მიუხედავად ამ მატჩის შედეგისა, უკვე ცნობილია, რომ უკრაინამ წინა ტურში ვერ მოიგო და სწორედ ამიტომ „კარპატის თასის“ გამარჯვებული საქართველო გახდა! ქართველ ხელბურთელებს 4 ქულა აქვთ, სლოვაკეთს და რუმინეთს 2-2 (ორივესთან პირადი მოგება გვაქვს), ხოლო უკრაინას 0.
საქართველოს ნაკრები მესამე შეხვედრას დღეს, 16:15 საათზე ბოლოადგილოსან უკრაინასთან ჩაატარებს.
შეგახსენებთ, რომ ეროვნულმა ნაკრებმა „კარპატის თასზე“ წლეულს, იანვრის დასაწყისშიც იასპარეზა და ოთხ გუნდს შორის მეორე ადგილი დაიკავა. პირველ შეხვედრაში სერბეთთან დავმარცხდით (25-35), მეორეში და მესამეში თურქეთს (32-27) და მასპინძელ რუმინეთს (35-34) მოვუგეთ. ამჯერად კი ჩვენმა ხელბურთელებმა ისტორიაში პირველად მოახერხეს „კარპატის თასის“ გამარჯვება და ტურნირი ჩემპიონურად დაასრულეს.
საქართველოს ნაკრები:
გიგი რუხაძე (6 სეივი, 1 გოლი), დავით ნიქაბაძე (4 სეივი), ნიკოლოზ კალანდაძე (11 გოლი, 6 ასისტი), ერეკლე არსენაშვილი (6 გოლი), მირიან გავაშელიშვილი (5 გოლი, 1 ასისტი), ირაკლი კბილაშვილი (3 გოლი, 4 ასისტი), ხაზეინ რუსტამოვი (2), გიორგი არეშიძე (1 გოლი, 1 ასისტი), გიორგი დიხამინჯია (1), გიორგი ლაპიაშვილი (1 ასისტი), ვახტანგ ხელისუფალი, ვახტანგ ხარებაშვილი, ზურაბ გოგავა, გუგა უთმელიძე, გიგი მელიავა.









