ქუთაისის ‘არესმა’ სტეფანწმინდის ‘ყაზბეგს’ ბონუს ქულით, 44:24 სძლია, „სარბიელის სინი“ შეინარჩუნა და 32 ქულით სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე დაწინაურდა. ‘ბათუმი’ მას 3 ქულით ჩამორჩება.
crocobet დიდი 10-ის მერვე ტურის მეორე მატჩი „ავჭალაზე“ გაიმართა. სტუმრებმა თავიდანვე შეძლეს უპირატესობის მოპოვება და მასპინძლებს 7 ლელო გაუტანეს. ‘ყაზბეგმა’ ბოლომდე იბრძოლა და მეტოქეს 4 ლელოთი უპასუხა, თუმცა მარცხს ვერ გადაურჩა და 11 ქულით ბოლო ადგილზეა.
‘არესი’ დებიუტშივე დაწინაურდა. ქუთაისელთა კვაჭმა შოთა ხელაძემ ჯერ 5-მეტრიანი დერეფნიდან გათამაშებული კომბინაცია დაასრულა ლელოთი, მერე კი მოლი. ცოტნე კვესელავამ გარდასახვები ვერ გაიტანა, თუმცა მე-12 წუთზე თავის გუნდს ჯარიმით 3 ქულა შემატა. ‘ყაზბეგმა’ მოლით და ნიკოლოზ ღარიბაშვილის ლელოთი მე-17 წუთზე უპასუხა, თუმცა ინიციატივა სტუმრების მხარეს იყო და ტაიმის ბოლოს კიდევ ორი ლელო გავიდა.
35-ე წუთზე ქუთაისელებმა მეტოქის შერკინებაში მოიპოვეს ბურთი, ზურა ოდიკაძემ შეუტია და მისი ლელო კვესელავამ გარდასახა. 3 წუთში ‘არესმა’ დერეფნიდან კიდევ ერთხელ გაითამაშა კარგი კომბინაცია და ხელაძემ თავისი მესამე ლელო მიითვალა - 5:25.
მეორე ტაიმი ‘ყაზბეგის’ შეტევებით დაიწყო, ლევან ქუშაშვილმა ხაზი გაჭრა, ლუკა ჩქარეულს ოფლოუდი გაუხერხა და მისი ლელო ლუკა სახელაშვილმა გარდასახა. 48-ე წუთზე ‘ყაზბეგის’ ლეგიონერი ვატისონი ვანგანისარავი უხელო ბოჭვისთვის სინბინით დაისაჯა, რასაც მოთამაშეთა შორის წაკინკლავება მოყვა და მსაჯმა იოსებ ჯაფარიძემ ორივე გუნდიდან კიდევ თითო მორაგბე გაასინბინა - ლევან ქუშაშვილი (ყაზბეგი) და შოთა ხელაძე (არესი).
‘არესმა’ რიცხობრივი უპირატესობით ისარგებლა და 8 წუთში 3 ლელო გაიტანა, რითაც მატჩის ბედი გადაწყვიტა. პირველ ჯერზე ფეხით შეცურებულ ბურთს დავით კვირიკაშილი მიყვა; მერე დერეფნიდან აგორებული მოლი ირაკლი თევზაძის ლელოთი დასრულდა, 4 წუთში კი მანვე დუბლი შეასრულა. რანი ფხალაძემ ორი გარდასახა.
‘ყაზბეგის’ სასახელოდ უნდა ითქვას, რომ არ გატყდა და დასკვნითი წუთები შეტევებში გაატარა. გიორგი ხუროშვილმა 64-ე და 71-ე წუთებზე ლელოები გაიტანა და ‘არესი’ ბონუს-ქულის დაკარგვის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა, თუმცა ბოლო შეტევაში თავი კარგად დაიცვა და 44:24 გაიმარჯვა. მატჩის საუკეთესო მოთამაშე შოთა ხელაძე გახდა.
RUGBY.GE









