შვედური „კალმარის“ ფეხბურთელმა საბა მამაცაშვილმა „ორგრიტესთან“ მატჩის (2:0) შემდეგ, რომელშიც დუბლი შეასრულა, კომენტარი გააკეთა.
ქართველმა მცველმა მეტოქის კარი ორჯერ ფანტასტიკური დარტყმებით დალაშქრა და ულამაზესი გოლებით გუნდს მოაგებინა, რითაც "კალმარმა" უმაღლესი დივიზიონის საგზური გაიფორმა.
„არც კი ვიცი, რა ვთქვა. სანამ აქ კონტრაქტს მოვაწერდი ხელს, ვიცოდი, რომ მათ ალსვენსკანში დაბრუნება სურდათ. მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, როგორ დავხმარებოდი მათ მიზნის მიღწევაში. ახლა ეს გავაკეთეთ და წარმოუდგენელია. ეს სიგიჟეა.
ჩემი თანაგუნდელები ამაზე ხუმრობენ. ამბობენ, რომ გიჟური შეხება მაქვს და ლა ლიგაში თამაში თავისუფლად შემიძლია. მაგრამ ისინი ხუმრობენ. მათ მოსწონთ ჩემი ტექნიკა.
პირველი გოლის შემდეგ არც კი მახსოვს, რა მოხდა. მეორე გოლის გატანის მომენტი მახსოვს. ყველაფერი დამავიწყდა. ხმა დავკარგე და გოლებიც აღარ მახსოვს. მომავალი? არაფერი ვიცი. მთავარი შემდეგი მატჩია“, - თქვა მამაცაშვილმა.
შვედური გამოცემა Svenskfans-ი მატჩის შემდეგ ქართველი მცველის შესახებ წერს, რომელიც თამაშის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს:
„ორი გოლი, ორივე უმაღლესი კლასის. საბა შეტევაში განსხვავებას ქმნის, მაგრამ დაცვაში დაუდევრობის გარეშე. მისი მზადყოფნა, საჭირო მომენტში წინ წავიდეს, გამბედაობასა და ხარისხზე მეტყველებს. მცველი, რომელიც თავდაჯერებულად, სიმშვიდითა და მონდომებით თამაშობს - მატჩის გამარჯვებული ამ სიტყვის სრული გაგებით“, - წერს გამოცემა.
მამაცაშვილი „სირიუსის“ საკუთრებაშია და „კალმარში“ ზაფხულიდან იჯარით თამაშობს. ის გუნდს 12 მატჩში 3 გოლით და 2 საგოლე პასით დაეხმარა.
„კალმარმა“ 64 ქულა დააგროვა, ბოლო ტურის წინ ლიდერია და უმაღლესი დივიზიონის საგზური დღევანდელი მოგებით გაინაღდა. ბოლო ტურში შვედური კლუბი 8 ნოემბერს, „ფალკენბერგს“ უმასპინძლებს.









