თბილისის ‘არმიამ’ crocobet დიდი 10-ის მერვე ტურში გორის ‘გორი’ 27:20 დაამარცხა და სეზონში მეორე გამარჯვება მოიპოვა.
თბილისელებს 11 ქულა მოუგროვდათ და მე-9 ადგილზე არიან. ‘გორმა’ გაწითლებულ დროზე გატანილი ჯარიმით ნუგეშ-ქულა მოიპოვა, ჯამში 12 გაუხდა და მე-8 პოზიციაზეა.
თამაში დაძაბული გამოდგა და რამდენჯერმე შეიცვალა ლიდერი. ანგარიში ხელდახელ შეტევის შემდეგ ლაშა ბარბაქაძემ გახსნა და მერლს პიტერსმა გარდასახა, რაზეც ‘გორმა’ მამუკა ნინიძის ჯარიმით უპასუხა. რატი სამყურაშვილის სინბინის შემდეგ მასპინძლები 10 წუთით კაცნაკლულები დარჩნენ, თუმცა შეტევები გააგრძელეს, ტაიმის შუაში გასინბინებული მოთამაშეც დაუბრუნდათ და ნიკა ბიწაძემ ლელოთი თავისიანები დააწინაურა, ნინიძემ კი გარდასახა.
34-ე წუთზე ‘გორი’ ერთხელაც დაისაჯა სინბინით. ამჯერად ყვითელი ბარათი დავით მთვარაძემ მიიღო და ‘არმიამ’ მეტობა იქვე გამოიყენა - 5-მეტრიანი დერეფნისა და მოლის შემდეგ სალელოვედ ჯაბა შათირიშვილმა შეუტია და პიტერსმა გარდასახა. 38-ე წუთზე მოლით უკვე ‘გორმა’ შეუტია, საჯარიმო ლელო გამოიმუშავა და ყვითელი ბარათით ‘არმიას’ მესამეხაზელი ფარნა გასვიანი დაისაჯა - 17:14.
მეორე ტაიმის საწყის 20 წუთში პიტერსმა ორი ჯარიმით სტუმრებს უპირატესობა დაუბრუნა. საპასუხო შეტევისას ‘გორმა’ შეძლო ლელოს გატანა, მაგრამ მანამდე შერკინებაში წინ თამაში დაფიქსირდა, რითაც ‘არმიამ’ ისარგებლა და 78-ე წუთზე გიორგი ჭურაძის ლელოთი გამარჯვება დაიბევა, ხოლო პიტერსმა გარდასახა. დარჩენილ დროში ნინიძეს ისღა დარჩენოდა ჯარიმით ჩამორჩენა 7 ქულამდე დაეყვანა და საკუთარი გუნდისთვის ნუგეშ-ქულა შეეძინა - 20:27.
მატჩის საუკეთესო მოთამაშე მერლს პიტერსი გახდა.
RUGBY.GE









