დანიის სუპერლიგის მე-14 ტურის მატჩები გაიმართა, სადაც გიორგი ტაბატაძის "ვიელე" სტუმრად "სენდერიუსკესს" დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 1:2 დამარცხდა.
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ფეხბურთელმა მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო, თუმცა მოედანზე მხოლოდ 37 წუთი გაატარა, ამის მიზეზი კი წითელი ბარათია. შეხვედრის მთავარმა მსაჯმა გიორგი ჯერ 5-წუთზე გააფრთხილა, ხოლო შემდეგ მეორე ბარათი უჩვენა და მოედანი დაატოვებინა. ყველაფრის მიუხედავად ტაბატაძემ ამ დროში გოლის გატანაც მოახერხა, მან 25-ე წუთზე საჯარიმოს გარედან ერთი შეხებით დაარტყა ულამაზესი გოლი გაიტანა.
რიცხობრივ უმცირესობაში დარჩენილმა "ვიელემ" ანგარიშის შენარჩუნება ვერ მოახერხა, მასპინძლებმა ჯერ პირველი ტაიმის მიწურულს გაათანაბრეს, ხოლო გამარჯვების გოლი მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში 93-წუთზე გაიტანეს და 3 ქულა მოიპოვეს.
"ვიელე" 12 ტურის შემდეგ 7 ქულით ბოლო მე-12 ადგილზეა. რაც შეეხბეა ტაბატაძეს, დანიაში ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში "იბერიადან" გადავიდა და "ვიელეს" მაისურით 6 ჩატარებულ მატჩში თავი 1 გოლითა და 1 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.









