ფეხბურთი

23:24 | 4.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

კრიშტიანუ რონალდუ მესის საუკეთესოობაზე, "მანჩესტერზე", მილიარდერობაზე, კარიერის დასრულებაზე...

პორტუგალიის ნაკრების ფეხბურთელი კრიშტიანუ რონალდუ ჟურნალისტ პირს მორგანს ესაუბრა, რომელთანაც მეგობრობს. ვრცელი ინტერვიუ ბევრ თემას შეეხლო.

რონალდუმ გაიხსენა, რომ კარიერის სტარტზე ახლოს იყო ლონდონში „არსენალში“ გადასვლასთან. მან ასევე აღნიშნა, რომ კარიერის დასრულებამდე ბევრი დრო არ დარჩა და აუცილებლად იტირებს, მაგრამ მომენტისთვის მზად იქნება.

„არსენალში“ გადასვლასთან ახლოს ვიყავი, მაგრამ წარსული წარსულია. არასდროს მიმაჩნდა ეს კლუბი მეტოქედ, მომწონს, როცა იმარჯვებს. არამგონია, ჩემი ისტორია შეცვლილიყო, იქ რომ წავსულიყავი.

„მანჩესტერის“ გამო ვწუხვარ. მსოფლიოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კლუბზე ვსაუბრობთ და ის ჩემთვის დღემდე ძვირფასია. ამჟამად სტრუქტურა არ არსებობს, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ყველაფერი შეიცვლება, რადგან „იუნაიტედის“ პოტენციალი უზარმაზარია. ისინი სწორ გზაზე არ არიან, ცვლილებები სჭირდებათ და მხოლოდ მწვრთნელზე ან ფეხბურთელებზე არ ვსაუბრობ. რუბენ ამორიმი ყველაფერს აკეთებს, მაგრამ პორტუგალიაში ვამბობთ, რომ სასწაულები მხოლოდ ფატიმაში ხდება. მას არ შეუძლია სასწაულების მოხდენა და არც ფეხბურთელებს. ზოგიერთ მათგანს არ ესმის, რა არის „მანჩესტერ იუნაიტედი“.

უკვე რამდენიმე წელია, რაც მილიარდერი ვარ. შესაძლოა 39 წლის ასაკშიც გავხდი, ზუსტად არ ვიცი. შენს საქმეებს თავად უნდა მიხედო, ეს ნორმალურია. მყავს ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა სფეროში საქმეების მაქსიმალურად კარგად გაკეთებაში მეხმარებიან. ვიცოდი, რომ ეს მოხდებოდა, უბრალოდ დროის საკითხი იყო. ძალიან ბედნიერი ვიყავი, ეს ოქროს ბურთის მოგების მსგავსია. ყველას თავისი მიზნები აქვს და ეს რიცხვი ჩემთვის მიზანი იყო. ფულით არ ვარ შეპყრობილი, როდესაც გარკვეულ დონეს მიაღწევ, ამას მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ სასიამოვნოა, ყოველთვის როცა მეტი გაქვს. როგორც ადამიანები, არასდროს ვკმაყოფილდებით იმით, რაც გვაქვს და ეს ჩემი მიზანი იყო ფეხბურთის მიღმაც. ვიცი ჩემი პოტენციალი. როდესაც ფეხბურთის სამყაროში რეკორდებზე საუბრობ, რონალდუს სახელიც იქაა.

ყველაზე ძვირადღირებული ნივთი, რაც კი ოდესმე მიყიდია თვითმფრინავია. ფული გაძლევს შესაძლებლობას, გქონდეს ყველა ის მატერიალური სიკეთე, რაც გინდა, მაგრამ ცხოვრების იმ ეტაპზე ვარ, როცა ეს აღარ მაინტერესებს. მინდა ჩემი ცხოვრების შემდეგი ეტაპი დიდი თანხის დახარჯვის გარეშე გავატარო. თვითმფრინავი ვიყიდე, რადგან ნორმალური ადამიანი აღარ ვარ, აეროპორტებს ვერ ვიტან. სამი დღის წინ მანქანა ვიყიდე, მაგრამ ეს ჩემი კოლექციისთვისაა, არ ვიცი, რამდენი მანქანა მყავს. მანქანები ჩემი გატაცება აღარ არის.

არ არსებობს ფეხბურთელი, რომლის ყურებაც ახლა მსიამოვნებს. ადრე ბრაზილიის ნაკრების მატჩებს ვუყურებდი, რადგან მათ კაკას მსგავსი ფეხბურთელები ჰყავდათ. არგენტინას და ესპანეთს ვუყურებდი, მაგრამ არა რომელიმე კონკრეტული ფეხბურთელის გამო.

კარიერას მალე დავასრულებ. ვფიქრობ, მზად ვიქნები. რთული იქნება, ვიტირებ, რადგან ემოციები ადვილად მერევა, ძალიან რთული იქნება, მაგრამ 25 წლიდან ვემზადები მომავლისთვის. ვფიქრობ, რომ ამას გავუმკლავდები. ვერაფერი შეცვლის გოლის გატანით გამოწვეულ ადრენალინს, თუმცა ყველაფერს თავისი დასასრული უნდა ჰქონდეს. მეტი დრო მექნება საკუთარი თავისთვის და ოჯახისთვის.

მესი ისტორიაში საუკეთესოა? არ მინდა თავმდაბალი ვიყო, ამ მოსაზრებას არ ვეთანხმები“, - თქვა რონალდუმ.

შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუ რონალდუმ „ალ-ნასრთან“ კონტრაქტი ცოტა ხნის წინ გაახანგრძლივა. ის მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშს და კარიერაში 1000 გოლის გატანას, ამ მიზნამდე კი 48 გოლი აშორებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.099381