ფეხბურთი

2:20 | 5.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ბაიერნი" ვერც კვარაცხელიამ და პსჟ-მ გააჩერეს

ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში მოქმედი ჩემპიონი „პარი სენ-ჟერმენი“ პირველად დამარცხდა.

ლუის ენრიკეს გუნდი საკუთარ მოედანზე „ბაიერნთან“ ვერაფერს გახდა, 1:2 წააგო, მიუხედავად ამისა, მთელი მეორე ტაიმის განმავლობაში რიცხობრივი უპირატესობა ჰქონდა.

პსჟ-ს ძვირად დაუჯდა პირველ ტაიმში დაშვებული შეცდომები, რაც გერმანულმა გრანდმა გამოიყენა და ლუის დიასის დუბლში ასახა. კოლუმბიელმა დუბლი კი შეასრულა, მაგრამ ტაიმის მიწურულს აშრაფ ჰაკიმის წინააღმდეგ იუხეშა და გააძევეს. შესაბამისად, ვენსან კომპანის გუნდი მოედანზე 10 კაცით დარჩა.

მეორე ტაიმში უკვე პსჟ დაეუფლა უპირატესობა, თუმცა „ბაიერნმა“ თავი მაქსიმალურად კარგად დაიცვა, მხოლოდ 74-ე წუთზე ვერ შეძლო ეს, როცა ჟოაო ნევეშმა გაიტანა. თუმცა, პარიზელებმა ვეღარ გაათანაბრეს.

ხვიჩა კვარაცხელია მოედანზე შეუცვლელად იყო, მის წინააღმდეგ რამდენჯერმე იუხეშეს. ქართველმა ფეხბურთელმა ამჯერად შედეგიანი მოქმედებით ვერ გამოიჩინა თავი.

კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე პსჟ-ს მაისურით ჩატარებულ 13 მატჩში 2 გოლი და 4 საგოლე პასი აქვს აქტივში, ხოლო უშუალოდ ჩემპიონთა ლიგაზე სამ თამაშში 2 გოლი და 2 საგოლე პასი მიითვალა.

პსჟ-ს 9 ქულა აქვს და მომდევნო ტურში ჩემპიონთა ლიგაზე „ტოტენჰემს“ უმასპინძლებს, ხოლო 9 ნოემბერს, ლიგა 1-ში „ლიონს“ ეთამაშება.

„ბაიერნი“ 12 ქულით ლიდერია ჩემპიონთა ლიგაზე, „რეკორდმაისტერმა“ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებული ყველა მატჩი მოიგო - 16.

„პარი სენ-ჟერმენი“ – „ბაიერნი“ 1:2 (0:2)

გოლები: 0:1 ლუის დიასი (4), 0:2 ლუის დიასი (32), 1:2 ნევეში (74)

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.092359