ლონდონის „არსენალის“ ფეხბურთელი მაქს დოუმენი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში შევიდა - ის ყველაზე ახალგაზრდაა, ვინც ამ ტურნირზე ითამაშა.
პრაღის „სლავიასთან“ მატჩში მიკელ არტეტამ თამაშში 73-ე წუთზე შეუშვა, რითაც ინგლისელი 15 წლისა და 308 დღის ასაკში გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშა.
მან იუსუფა მუკოკოს რეკორდი გააუმჯობესა, რომელსაც „დორტმუნდის“ რიგებში ჩემპიონთა ლიგაზე დებიუტი თავის დროზე 16 წლისა და 18 დღის ასაკში ჰქონდა. მესამე ადგილზე ლამინ იამალია, რომელმაც 16 წლისა და 68 დღის ასაკში ითამაშა ამ ტურნირზე პირველად.
მაქს დოუმენს მიმდინარე სეზონში 5 მატჩი აქვს ჩატარებული (2 პრემიერლიგაში, 2 ინგლისის ლიგის თასზე და 1 ჩემპიონთა ლიგაზე). პრემიერლიგაში მას დებიუტი 23 აგვისტოს, 15 წლისა და 235 დღის ასაკში ჰქოდა, რაც ტურნირის ისტორიაში მეორე შედეგია. მასზე ახალგაზრდულ ასაკში ეთან ნვანერის დებიუტი შედგა 2022 წლის სექტემბერში, როცა ის 15 წლის და 181 დღის იყო.









