„პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელი აშრაფ ჰაკიმი, რომელიც მიუნხენის „ბაიერნთან“ მატჩში დაშავდა, მოტეხილობას გადაურჩა.
თუმცა, მძიმე დაჭიმულობა აღენიშნება, რის გამოც, ფრანგული მედიის ცნობით, დაახლოებით 6-8 კვირის განმავლობაში ვერ ითამაშებს. ჰაკიმის წინააღმდეგ ლუის დიასმა იუხეშა, რომელიც ამის გამო გააძევეს კიდეც.
კოლუმბიელი ფეხბურთელი გუშინ თამაშს, რომელშიც სანამ წითელ ბარათს მიიღებდა, დუბლიც შეასრულა, ასე გამოეხმაურა: „ემოციური საღამო იყო. ფეხბურთი ყოველთვის გვახსენებს, რომ 90 წუთში ყველაფერი შეიძლება მოხდეს. საუკეთესოც და ყველაზე ცუდიც. იმედგაცრუებული ვიყავი, რომ მატჩის დასრულება ვერ შევძელი, მაგრამ ვამაყობ ჩემი გუნდის საოცარი ძალისხმევით. ჰაკიმის მოედანზე სწრაფად დაბრუნებას ვუსურვებ“.
გარდა ამისა, „ბაიერნთან“ მატჩში პსჟ-ს უსმან დემბელეც დაუშავდა. ის „ლიონთან“ უახლოეს შეხვედრას გამოტოვებს და ვერც საფრანგეთის ნაკრებს დაეხმარება. ფრანგი შემტევი სავარაუდოდ, ლუის ენრიკეს განკარგულებაში სანაკრებო პაუზის შემდეგ დაბრუნდება.
შეგახსენებთ, რომ „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურში „ბაიერნთან“ 1:2 დამარცხდა.









