ფეხბურთი

21:50 | 6.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუ: "ჩემთვის ესპანეთში უფრო ადვილია გოლების გატანა, ვიდრე საუდის არაბეთში"
"მსოფლიოს ჩემპიონობით ფეხბურთელის დონის დადგენა უსამართლობაა, ტურნირით, სადაც მხოლდო 6-7 თამაშია"

პირს მორგანთან კრიშტიანუ რონალდუს ვრცელი ინტერვიუს მეორე ნაწილიც გამოქვეყნდა, რომელშიც 40 წლის ფეხბურთელი არაერთ საინტერესო რაღაცას ამბობს.

როგორც მან თქვა, საუდის არაბეთში გოლების გატანა უფრო რთულია, ვიდრე ესპანეთის ჩემპიონატში. ის ფაქტი, რომ არაბეთში თამაშობს, მის შედეგიანობას ჩრდილს არ აყენებს. კრიშტიანუმ ასევე უსამართლობა უწოდა 6-7 მატჩით მსოფლიოს ჩემპიონის გამოვლენას და ამ ტურნირით ფეხბურთელის დონის განსაზღვრას:

“30 წლის შემდეგ უფრო მეტი გოლი გავიტანე, ვიდრე მანამდე. ყოველთვის შეგიძლია გაუმჯობესება. ბევრი მოთამაშე ფიქრობს, რომ 30 წლის შემდეგ უნდა შენელდეს. ბევრი ადამიანი მაკრიტიკებს, მაგრამ მათ არაფერი იციან. იმის თქმა, რომ უბრალოდ იმიტომ ვიტან, რომ ეს საუდის ლიგაა... საბაბია. წლიდან წლამდე მეტს ვიტან. ცუდ სეზონშიც კი, 25 გოლი გავიტანე. ხალხს შეუძლიათ ის თქვან, რაც სურთ, მაგრამ პრემიერლიგაშიც იგივენაირად შედეგიანი ვიქნებოდი.

მათ შეუძლიათ თქვან ის, რაც სურთ, მაგრამ ციფრები არ იტყუებიან. ხალხი საუდის ლიგაზე საუბრობს, მაგრამ ისინი აქ არასდროს ყოფილან. მათ არ იციან, რას ნიშნავს 40 გრადუსში სირბილი. საუდის არაბეთის ჩემპიონატი პორტუგლიის ჩემპიონატზე ძლიერია, საფრანგეთის ჩემპიონატზეც, რადგან იქ მხოლოდ "პარი სენ-ჟერმენია". რატომ არ ითვლიან საუდის არაბეთის ჩემპონატის გოლებს ოქროს ბუცისთვის? რატომ? ჰკითხეთ სხვა მოთამაშეებს, რამდენად რთულია აქ, საუდის არაბეთში თამაში... შესაძლოა, ფიქრობენ, რომ ამას ჩემი მიზეზების გამო ვამბობ. მაგრამ სხვებს ჰკითხეთ! ჩემთვის ესპანეთში, ლა ლიგაში გოლების გატანა უფრო ადვილია, ვიდრე საუდის არაბეთში გოლის გატანა.

რა თქმა უნდა, მსოფლიო ჩემპიონატის მოსაგებად ვიბრძოლებთ. მაგრამ ეს საერთოდ არ განსაზღვრავს ჩემს ვინაობას. ერთი ტურნირი ექვსი ან შვიდი თამაშით? ეს უსამართლოა.

მსოფლიო ჩემპიონატის მოგება ოცნება არ არის. ხალხი ამბობს: კრიშტიანუ უდიდესი გახდება, თუ მსოფლიო ჩემპიონატს მოიგებს. არ ვეთანხმები! პორტუგალიასთან ერთად უკვე სამი ტიტული მოვიგე. ამ სამ ტიტულამდე არაფერი მოგვეგო.

რამდენი მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო არგენტინამ მესიმდე? მგონი, ორი. ისინი მიჩვეულები არიან დიდი შეჯიბრებების მოგებას, ხოლო თუ პორტუგალია მსოფლიო ჩემპიონატს მოიგებს, ეს მსოფლიოს შოკში ჩააგდებს: ნამდვილად!

დიოგო ჟოტას გარდაცვალება? ვერ ვიჯერებდი იმ შეტყობინებებს, რომლებსაც ვიღებდი. ბევრი ვიტირე. ეს ძალიან, ძალიან რთული მომენტი იყო ყველასთვის. ქვეყნისთვის, ოჯახებისთვის, მეგობრებისთვის, თანაგუნდელებისთვის. დამანგრეველი. ძალიან, ძალიან, ძალიან სამწუხარო ამბავი. ეს შოკისმომგვრელი მომენტი იყო. ჩვენ დღემდე ვგრძნობთ მის აურას ეროვნულ ნაკრებში, როდესაც პორტუგალიის მაისურს ვიცვამთ, რადგან დიოგო ერთ-ერთი ჩვენგანი იყო. ის შესანიშნავი ბიჭი იყო, მშვიდი ბიჭი და კარგი მოთამაშე. ადამიანი, რომელიც ბევრს არ ლაპარაკობდა. მიხარია, რომ შევხვდი და მასთან ერთად რამდენიმე ლამაზი მომენტი გავუზიარე. სამწუხარო იყო მისი დაკარგვა. მქონდა შესაძლებლობა, მის ოჯახთან მესაუბრა და მხარი დამეჭირა. მათთვის ყველაფერი ერთ წამში დაიკარგა.

რატომ არ ვიყავი მის დაკრძალვაზე? მინდა ორი რამ ვთქვა. პირველი ის არის, რომ ხალხი ძალიან მაკრიტიკებს და როგორც ვთქვი, არ მაინტერესებს. როდესაც გრძნობ, რომ შენი სინდისი სუფთაა, თავისუფალი, არ უნდა ინერვიულო იმაზე, თუ რას ამბობს ხალხი. მამაჩემის გარდაცვალების შემდეგ, სასაფლაოზე აღარ შევსულვარ. მეორე ის არის, რომ ვაცნობიერებ, რომ სადაც არ უნდა წავიდე, მედიაცირკი ხდება. ასევე არ წავედი, იმიტომ, რომ ყურადღება ჩემზე იქნებოდა კონცენტრირებული და არ მინდოდა ასეთ დროს ყურადღების ცენტრში ვყოფილიყავი. ხალხს შეუძლია გააგრძელოს ჩემი კრიტიკა. კმაყოფილი ვარ ჩემი გადაწყვეტილებით. არ მჭირდება წინა რიგში დგომა, რომ ხალხმა დამინახოს. ვგეგმავ ყველაფერს, მის ოჯახზე ვფიქრობ, არ მჭირდება კამერების წინ ყოფნა, რომ ხალხმა დაინახოს, რას ვაკეთებ. ამას კულისებში ვაკეთებ“, - თქვა რონალდუმ.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.09334