სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

14:25 | 7.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

ვილი სანიოლი: "თაობათა ცვლა გვაქვს, პრობლემები მოსალოდნელი იყო"
"კონცენტრაციის, დისციპლინის და სხვა ფაქტორების პრობლემებს ვხედავ და არა ტაქტიკის"

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ესპანეთისა და ბულგარეთის ნაკრებებთან მატჩებისთვის შეკრების დაწყებამდე პრესკონფერენცია გამართა.

ფრანგმა სპეციალისტმა 25-კაციანი შემადგენლობის დასახელების შემდეგ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა:

„ევროპის ჩემპიონატი ჩვენი საფეხბურთო ისტორიის მაღალი წერტილი იყო. შეგვიძლია ცხოვრებისეული მაგალითი მოვიყვანოთ, როდესაც მეგობრებთან ერთად ძალიან კარგ წვეულებაზე გავერთობით და შემდეგ რამდენიმე დღე გვჭირდება ჩვეულ ფორმაში რომ დაბრუნდე. ვფიქრობ ამ ეტაპზე ვართ, რაც მოსალოდნელიც იყო. გარდა ამისა, გვაქვს თაობათა ცვლა, გამოგვაკლდა, ხოჭოლავა, კვირკველია და გველესიანი, კაშიასაც ასაკი ემატება. თუმცა დადებითი ისაა, რომ სხვა ახალგაზრდა მცველები მოდიან, მაგალითად, გოგლიჩიძე, ლოჩოშვილი, ნარიმანიძე. ვიცით, რომ 21-წლამდელთა ნაკრებს მნიშვნელოვანი მატჩები აქვს, მაგრამ გუნდის შენების პროცესში ვართ და სწორედ ამიტომაა ნარიმანიძე გამოძახებული. გვინდა, რომ ის გამოვცადოთ. რაც შეეხება სიგუას, „ბაზელში“ რთული პერიოდი ჰქონდა, ახლა გვიბრუნდება, რადგან ბოლო პერიოდში კარგად ითამაშა, მის მწვრთნელსაც ველაპარაკე. მინდა, მას ვაჩვენო, რომ ნაკრების კარი ყოველთვის ღიაა.

არ აქვს მნიშვნელობა ტაქტიკას, ტაქტიკის პრობლემა არ არის. მე აგრესიის, კონცენტრაციის, დისციპლინის და სხვა ფაქტორების პრობლემას ვხედავ. უფრო მეტი უნდა ვიშრომოთ თუ გვინდა, რომ წარმატებას კიდევ მივაღწიოთ. თურქეთთან ორივე მატჩში სტანდარტულ სიტუაციების მხრივ კატასტროფული იყო. თუმცა, რეალურად არაფერი შეგვიცვლია, დაცვაში იმავე ტაქტიკით ვთამაშობთ სტანდარტებზე, როგორც 4-5 წლის წინ. შესაბამისად, თუ მაშინ მუშაობდა და ახლა არ მუშაობს, ამიტომ ვამბობ, რომ პრობლემა დამოკიდებულებაშია, არა კონკრეტულ პოზიციურობაში. როდესაც ისეთ მაღალ ფეხბურთელებს კარგავ, როგორებიც გველესიანი და კვირკველია არიან, შეიძლება გამოჩნდეს რაღაც პრობლემები, მაგრამ ვმუშაობთ და დარწმუნებული ვარ, გამოსავალს ვიპოვით.

ზოგჯერ რთული მომენტები გვეხმარება და დადებითად აისახება ჩვენზე, უფრო მეტ გამოცდილებას ვიღებთ და შეცდომებს ვხედავთ. ამ ეტაპზე გუნდის შენების ფაზაში ვართ, უფრო მომავალზე უნდა ვიყოთ კონცენტრირებული. როდესაც გუნდში მოვედი, 3-მცველიან სქემაზე მუშაობა დავიწყე, მჯეროდა, რომ ეს იმუშავებდა, მიუხედავად იმისა, რომ ამ ტაქტიკით ნიდერლანდებთან პირველი მატჩი 0:3 წავაგეთ. სწორედ ესაა ფეხბურთის პრობლემა - დრო საჭიროა. მაგალითად, შემიძლია მოგივყვანოთ ლუის ენრიკე, რომელსაც პსჟ-ში შესანიშნავი შედეგები აქვს, მაგრამ პირველ სეზონში ხალხი გუნდიდან მის წასვლსაც კი ითხოვდა.

გუნდი ერთიანად ვმუშაობთ, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილებას მე ვიღებ, ამიტომ, ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე, მათ შორის, არასწორ გადაწყვეტილებაზე, პასუხისმგებელი ვარ. რაც შეეხება სტანდარტული მდგომარეობებისთვის ცალკე მწვრთნელი, რა თქმა უნდა, გვჭირდება, მაგრამ თუ შევედრებით პრემიერლიგის გუნდებს, რომელთა ბიუჯეტი 600 მილიონია, ცოტა რთული იქნება შედარების გაკეთება...

ირაკლი აზაროვმა კონფერენსლიგაზე მას შემდეგ ითამაშა, რაც ჩვენი განაცხადი გამოქვეყნდა. „შახტარში“ ხშირად სათადარიგო სკამზეა და საშუალოდ, თვეში ერთი სრული მატჩის ჩატარებაც არ უწევს და ამიტომაც, არ არის განაცხადში. რაც შეეხება დვალს, მან ბოლო მატჩები მაღალ დონეზე ვერ ჩაატარა და როდესაც ეს ვუთხარი, კარგი რეაქცია არ ჰქონია. ეს არ ნიშნავს, რომ ვერ დაბრუნდება ნაკრებში, პირიქით, ეს არის მესიჯი, რომ უფრო მეტი იმუშაოს. მე ის ძალიან მიყვარს და ვაფასებ, როგორც ფეხბურთელს, გამოცდილი და კარგი ფეხბურთელია. საბერძნეთთან საუკეთესო იყო და ევროპის ჩემპიონატზეც საკმაოდ კარგად ითამაშა. თუმცა, ის ერთ-ერთი მათგანია, რომელიც ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ვერ ბრუნდება იმ ფორმაში, რომელშიც იყო. ლაშას შეუძლია, რომ იმუშაოს და ნაკრებში დაბრუნდეს.

გოჩოლეიშვილმა ბუნდესლიგაში ძალიან კარგი თამაშები ჩაატარა. მარჯვენა მცველია, მაგრამ მარცხნივაც კარგად თამაში შეუძლია, არანაკლებ, ვიდრე მემარცხენე ფეხბურთელებს. ამიტომაც, ვიყენებთ მარცხენა ფლანგზე, რადგან გვინდა, რომ სათამაშო დრო მივცეთ. გირჩევნიათ, მარცხნივ კარგმა მემარჯვენემ ითამაშოს თუ ცუდმა ცაციამ? მე კარგი ფეხბურთელებით თამაში მირჩევნია. არ ვამბობ, რომ სხვები ცუდი ფეხბურთელები არიან, მე გოჩოლეიშვილზე ვსაუბრობ. ცხადია, უკეთესი იქნება მარცხნივ ცაციამ ითამაშოს, თუმცა ბურთთან პირველი შეხება ახლა ჩვენი პრიორიტეტი არ არის, ჩვენ კარგი დაცვა ხელახლა უნდა ავაშენოთ. თუ თავს კარგად იცავ, კარგადაც უტევ, თუ თავს ვერ იცავ - ვერ უტევ. შესაძლოა, გყავდეს საუკეთესო პირველი შეხების მქონე ფეხბურთელები, მაგრამ თუ ყოველთვის, როცა მარცხნივ ცაციას აყენებ, ის ვერ გიცავს ჩაწოდებებისგან, სტანდარტულებზე, დუელებს აგებს, მაშინ მის თამაშს აზრი არ აქვს“, - განაცხადა სანიოლმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს შესარჩევ ეტაპზე ოთხი ტურის შემდეგ მხოლოდ 3 ქულა აქვს. ჯგუფს ესპანეთი 12 ქულით ლიდერობს, მეორე პოზიციაზე 9 ქულით თურქეთია, შესაბამისად, ვილი სანიოლის გუნდს ჯგუფიდან გასვლის მხოლოდ თეორიული შანსი აქვს. საქართველოს ნაკრები 15 ნოემბერს, ესპანეთს უმასპინძლებს, ხოლო 18 ნოემბერს, სტუმრად ბულგარეთს დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.167375