საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა ვილი სანიოლს მხარდაჭერა და ნდობა გამოუცხადა.
როგორც მან თქვა, სანიოლი საქართველოს ნაკრებისთვის საუკეთესო მწვრთნელია და ის მუშაობას გააგრძელებს:
„როგორც ვილიმ აღნიშნა, გაბრიელ სიგუას მწვრთნელს ელაპარაკა და ის სრულ მზადყოფნაშია. მას ჰქონდა პრობლემები ბოლო პერიოდში ტრავმებთან დაკავშირებით, რის გამოც მატჩები გაუცდა, მაგრამ ახლა როგორც გვაქვს ინფორმაცია, სრულ მზადყოფნაშია.
ხელშეკრულებაზე უფრო მნიშვნელოვანია ურთიერთობები, რომელიც სტაფს ფეხბურთელებთან აქვს. მთავარი მწვრთნელი სტაფთან ერთად გუნდში წლებია მუშაობს. გვქონდა წარმატებები, მაგრამ რთული მატჩებიც ფეხბურთის ნაწილია. დარწმუნებული ვართ, რომ ვილი ჩვენი ნაკრებისთვის საუკეთესო მწვრთნელია და გადავლახავთ ამ რთულ პერიოდს.
რა თქმა უნდა, უკმაყოფილო ვიყავით ბოლო ჩატარებული მატჩებით. ესპანეთი და თურქეთი ძალიან ძლიერი ნაკრებები არიან, მაგრამ ის ემოცია და ყველაფერი, რაც ჩვენს ნაკრებს გამოარჩევს, ამ მატჩებში გვაკლდა და არ იყო. ეს ფეხბურთელებმაც და მთავარმა მწვრთნელმაც აღნიშნეს. ჩვენი მიზანია, რომ ეს ყველაფერი გამოვასწოროთ და დარწმუნებულები ვართ, რომ გამოვასწორებთ ვილისთან ერთად, ამას ხაზს გავუსვამ, რადგან დარწმუნებულები ვართ, რომ ვილი ჩვენი ნაკრებისთვის საუკეთესო მწვრთნელია“, - თქვა იაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და ვილი სანიოლს შორის კონტრაქტი ძალაში 2028 წლის ბოლომდეა.









