საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის მზადებას 10 ნოემბერს დაიწყებს.
საკლუბო მატჩებში მიღებული ტრავმის გამო ესპანეთთან და ბულგარეთთან შეხვედრებში ეროვნულ ნაკრებს "ვილიარეალის" ფორვარდი, გიორგი მიქაუტაძე და "კრაკოვიას" მცველი, ოთარ კაკაბაძე ვერ დაეხმარებიან. მათ ნაცვლად ვილი სანიოლმა ნაკრებში ლიმასოლის "არისის" ფორვარდი, გიორგი ქვილითაია და უკრაინული "ჩერკასის" ფეხბურთელი, შოთა ნონიკაშვილი გამოიძახა.
კაკაბაძემ ტრავმა გუშინ, პოლონეთის ჩემპიონატის მატჩში მიიღო, ხოლო მიქაუტაძემ ესპანური კლუბის ვარჯიშზე დისკომფორტი იგრძნო, რაც "ვილიარეალის" მწვრთნელმა მარსელინომაც დაადასტურა. მისი თამაში "ესპანიოლთან" დღეს საეჭვოა, მაგრამ ვინაიდან ნაკრებს გამოაკლდა, ეს ნიშნავს, რომ ვერც დღეს ითამაშებს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს შესარჩევ ეტაპზე ოთხი ტურის შემდეგ მხოლოდ 3 ქულა აქვს. ჯგუფს ესპანეთი 12 ქულით ლიდერობს, მეორე პოზიციაზე 9 ქულით თურქეთია, შესაბამისად, ვილი სანიოლის გუნდს ჯგუფიდან გასვლის მხოლოდ თეორიული შანსი აქვს. საქართველოს ნაკრები 15 ნოემბერს, ესპანეთს უმასპინძლებს, ხოლო 18 ნოემბერს, სტუმრად ბულგარეთს დაუპირისპირდება.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა
მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი (ლივერპული, ინგლისი), ლუკა გუგეშაშვილი (პაოკი, საბერძნეთი), დავით კერესელიძე (დილა, გორი)
მცველები: გურამ კაშია (სლოვანი, სლოვაკეთი), ლუკა ლოჩოშვილი (ნიურნბერგი, გერმანია) გიორგი გოჩოლეიშვილი (ჰამბურგი, გერმანია), საბა გოგლიჩიძე (უდინეზე, იტალია), ალექსანდრე ნარიმანიძე (ჟილინა, სლოვაკეთი)
ნახევარმცველები: ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), შოთა ნონიკაშვილი (ჩერკასი, უკრაინა), გიორგი ქოჩორაშვილი (სპორტინგი, პორტუგალია), ანზორ მექვაბიშვილი (კრაიოვა, რუმინეთი), ნიკა გაგნიძე (კოლოსი, უკრაინა), ვლადიმერ მამუჩაშვილი (ტორპედო ქუთაისი, საქართველო), გაბრიელ სიგუა (ლოზანა სპორტი, შვეიცარია), ნოდარ ლომინაძე (ეშტორილი, პორტუგალია), გიორგი წიტაიშვილი (მეცი, საფრანგეთი), ზურიკო დავითაშვილი (სენტ-ეტიენი, საფრანგეთი), გიორგი აბუაშვილი (მეცი, საფრანგეთი), იური ტაბატაძე (კადისი, ესპანეთი), ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ, საფრანგეთი)
თავდამსხმელები: ბუდუ ზივზივაძე (ჰაიდენჰაიმი, გერმანია), გიორგი კვერნაძე (ფროზინონე, იტალია), გიორგი გულიაშვილი (სარაევო, ბოსნია-ჰერცეგოვინა), გიორგი ქვილითაია (არისი, კვიპროსი)









