ინგლისის პრემიერლიგის მე-11 ტური შესანიშნავად გაიხსნა, რადგან „ტოტენჰემმა“ და „მანჩესტერმა“ გულშემატკივრებს ნამდვილი შოუ და დრამა შესთავაზეს.
„მანჩესტერისთვის“ ყველაფერი უკეთ მიდიოდა, რადგან 32-ე წუთზე ბრაინ მბუემომ ანგარიში გახსნა და რუბენ ამორიმის გუნდი დააწინაურა. „წითელი ეშმაკები“ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ინარჩუნებდნენ უპირატესობას და ახლოსაც იყვნენ მოგებასთნ.
თუმცა, 84-ე წუთზე მატის ტელმა შეძლო ანგარიშის გათანაბრება. ცოტა ხანში, „მანჩესტერს“ ბენჟამინ შეშკო დაუშავდა და მოედანზე 10 კაცით დარჩა, რადგან მეტი შეცვლის უფლება ამორიმს აღარ ჰქონდა. 91-ე წუთზე „დეზები“ დაწინაურდნენ, რიშარლისონის გოლით და თუ 7 წუთით ადრე „მანჩესტერი“ მოგებასთან ახლოს იყო, ახლა უკვე წაგებასთან.
თუმცა, 10-კაციანმა „იუნაიტედმა“ პატარა სასწაული შეძლო: 96-ე წუთზე მატაის დე ლიხტმა გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 2:2.
„ტოტენჰემსა“ და „მანჩესტერს“ 11 ტურის შემდეგ 18-18 ქულა აქვთ. მომდევნო ტურში რუბენ ამორიმის გუნდი „ევერტონს“ უმასპინძლებს, ხოლო ტომას ფრანკის შეგირდების მეტოქე ჩრდილოლონდონურ დერბიში „არსენალი“ იქნება.
„ტოტენჰემი“ – „მანჩესტერი“ 2:2 (0:1)
გოლები: 0:1 მბუემო (32), 1:1 ტელი (84), 2:1 რიშარლისონი (90), 2:2 დე ლიხტი (90)









