„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა ვიგოს „სელტასთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა, სადაც „კამპ ნოუსა“ და ლამინ იამალზეც ისაუბრა.
„ბარსელონას“ ფეხბურთელები და წევრები „კამპ ნოუს“ ესტუმრნენ, სადაც დაბრუნება 22 ნოემბერს, „ბილბაოსთან“ მატჩში იგეგმება. ფლიკი მოხიბლულია სტადიონით და უხარია, რომ იქ ბრუნდებიან. ლამინ იამალის შესახებ კი ესპანეთის ნაკრების ხელმძღვანელობას მოუწოდა, რომ მასზე ისე იზრუნონ, როგორც „ბარსაში“ ზრუნავენ:
„იმედი მაქვს, იქ უფრო ძლიერები ვიქნებით. პირველი შთაბეჭდილება ფანტასტიკურია, იქ ისტორიას გრძნობ, შთამბეჭდავი იყო. წარმოუდგენელი ემოციები განვიცადე და დარწმუნებული ვარ, ეს დაგვეხმარება. გულშემტკივრები მოედანთან უფრო ახლოს იქნებიან, ვიდრე „მონტჟუიკზე“. ეს კლუბისთვის მომავლისთვის მნიშვნელოვანია, მათ შესანიშნავად იმუშავეს. ვულოცავ ყველას, ვინც ეს შესაძლებელი გახადა.
იამალი ნაკრებში? ესპანეთის ნაკრებს იგივეს ვთხოვ, რასაც აქ ვაკეთებთ: მასზე იზრუნონ. ის შეიცვალა, ბევრად უკეთესია, ძალიან კარგად ვარჯიშობს, ყოველდღიურად დადის სპორტდარბაზში. მას შეუძლია საუკეთესო ფორმაში დაბრუნდეს, მაგრამ ჯერ 100%-ით მზად არ არის. უნდა ვიზრუნოთ მასზე - აქაც და ეროვნულ ნაკრებშიც. ვფიქრობ, ამას ისინიც გააკეთებენ“, - თქვა ფლიკმა.
შეგახსენებთ, რომ „სელტასა“ და „ბარსელონას“ მატჩი 9 ნოემბერს გაიმართება.






