ესპანეთის ლა ლიგა 2-ის მე-13 ტურში „კადისის“ ფეხბურთელმა იური ტაბატაძემ „ვალიადოლიდთან“ გოლი გაიტანა, რომელიც საეჭვო ვითარებაში გაუქმდა.
ტაბატაძე არ იყო თამაშგარეში, მაგრამ ლაინსმენმა თამაშგარე დააფიქსირა, საქმეში VAR-იც არ ჩაერია და გოლი გაუქმდა. იურიმ ერთი შეხებით ძლიერად დაარტყა, მეკარე უშანსოდ დატოვა, მაგრამ უსამართლოდ გოლი გაუქმდა.
მთავარმა მსაჯმა ლუის სერვერამ განმარტა, რომ თამაშგარეში „კადისის“ ფორვარდი ალვარო გარსია პასკუალი იყო და „ვალიადოლიდის“ მცველს ბლოკვადა, რომელიც თავის მხრივ ტაბატაძისკენ მოძრაობდა, რათა მისთვის დარტყმაში ხელი შეეშალა. პასკუალი მართლაც იყო ოფსაიდში, მაგრამ რამდენად ბლოკავდა მეტოქეს და გავლენა ჰქონდა ეპიზოდზე ძნელი სათქმელია.
„არ ვიცი, გოლი რატომ არ ჩაითვალა. თამაშგარე არ იყო, მე გავჩერდი და მომენტში არ ვერეოდი, მცველმაც მოძრაობა გააგრძელა“, - თქვა მატჩის შემდეგ პასკუალმა.
მსაჯი გააკრიტიკა „კადისის“ მთავარმა მწვრთნელმა გაისკა გარიტანომ, რომელმაც თქვა, რომ მსგავსი რამ არასდროს უნახავს: „მსგავსი რამ არასდროს მინახავს. თამაშგარე მაშინაა, თუ ფეხბურთელი ბურთზე თამაშს აპირებს. წარმოუდგენელია, რომ VAR-ი არც კი ჩაერია“.
საბოლოოდ, გოლი უსამართლოდ გაუქმდა და მატჩი 0:0 დასრულდა. „კადისისთვის“ ეს ზედიზედ მესამე ფრე იყო და 21 ქულით მეექვსე ადგილზეა.
შეგახსენებთ, იური ტაბატაძეს ესპანურ კლუბში ჩატარებულ 12 მატჩში 4 გოლი აქვს გატანილი და ორჯერ საგოლე პასი გააკეთა.






