რაგბი

18:28 | 10.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

ბორჯღალოსნები | ნამატით კანადასთან

ბორჯღალოსნების მთავარმა მწვრთნელმა რიჩარდ ქოქრილმა კანადისა და იაპონიის ნაკრებებთან გასამართი ტესტ-მატჩების წინ შეკრებაზე ოთხ ახალ მოთამაშეს უხმო.

ესენი არიან: ‘გრენობლის’ ბურჯი გიორგი მამაიაშვილი, ‘ლა როშელის’ კვაჭი ნიკოლოზ სუთიძე, ‘ტულონის’ მეორეხაზელი გიორგი ჯავახია და ‘პროვანსის’ მესამეხაზელი თორნიკე ჯალაღონია. მათგან ერთს - ნიკოლოზ სუთიძეს ნაკრების კვართით ჯერ არ უთამაშია.

საქართველო, რომელმაც აშშ-ს ბათუმში 43:30 სძლია, ნოემბრის მეორე ტესტ-მატჩს კვლავ ზღვისპირეთში, „აჭარაბეთ არენაზე“ გამართავს და ამჯერად კანადას დაუხვდება. შეხვედრა 15 ნოემბერს, 16 საათზე დაიწყება.

კანადა 8 ნოემბერს რუმინეთს ეთამაშა და 21:31 დამარცხდა.

ჩვენმა მომავალმა მეტოქემ უკვე მოიპოვა 2027 წლის მსოფლიო თასის საგზური და ავსტრალიაში წყნარი ოკეანის მეორე გუნდის სტატუსით ითამაშებს. მოცემული მომენტისთვის კანადა მსოფლიო რეიტინგში 24-ე ადგილზეა, საქართველო კი მე-11 პოზიციას ინარჩუნებს.

2009-2017 წლებში ბორჯღალოსნები კანადას 7-ჯერ ეთამაშნენ და 4-ჯერ გამარჯვება მოიპოვეს, სამი თამაში კი დათმეს. ამ 7-იდან სამი თამაში საქართველოში ჩატარდა, სამივე თბილისში, ორჯერ კანადაში ვირაგბეთ, ორჯერ კი ნეიტრალურ მოედანზე.

პირველად კანადას აშშ-ში, გლენდეილში შევხვდით. მატჩი „ჩერჩილის თასის“ ფარგლებში ჩატარდა და მეტოქემ 42:10 გაიმარჯვა. ერთი წლის თავზე ჩრდილო ამერიკელები თბილისში, „ეროვნულზე" გვეწვივნენ და რევანში შედგა - საქართველომ 22:15 მოიგო.

2012 წელს კანადას სტუმრად, ვანკუვერში შევხვდით (12:31), ერთი წლის შემდეგ კი „ეროვნულზე“ მეორედ გავიმარჯვეთ - 19:15. 2015 წლის მსოფლიო თასამდე კანადას ინგლისში ვეთამაშეთ და მინიმალური სხვაობით ჩამოვრჩით - 15:16.

ბოლო ორი შეხვედრა საქართველოს გამარჯვებით დასრულდა, რამაც კანადასთან დადებითი ბალანსი შეგვიქმნა. 2017 წელს მეტოქე მისსავე მოედანზე, კალგარიში 13:0 დავამარცხეთ, იმავე წლის ნოემბერში კი „ეროვნულზე“ სარეკორდო სხვაობით - 54:22 ვაჯობეთ.

RUGBY.GE

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.089656