საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ბუდუ ზივზივაძემ ესპანეთსა და ბულგარეთთან მატჩებამდე კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, გუნდში კარგი განწყობაა.
„ვემზადებით ბოლო ორი მატჩისთვის. გუნდში, როგორც ყოველთვის, კარგი განწყობაა. ამ ორ თამაშში ვეცდებით, რომ ოქტომბერში დაშვებული შეცდომები გამოვასწოროთ, გამოვიკეთოთ ხასიათი და დადებითად შევხვდეთ ახალ სანაკრებო სეზონს. ფიზიკურად თავს უკეთ ვგრძნობ. ოქტომბრის მატჩებამდე, კლუბში დისკვალიფიკაციის გამო, სათამაშო პრაქტიკა არ მქონდა, ხოლო სანაკრებო პაუზის შემდეგ თამაშები ჩავატარე და გოლიც გავიტანე, რაც თავდაჯერებას მმატებს. თუ მოახლოებულ მატჩებში მომეცემა თამაშის საშუალება, ყველაფერს გავაკეთებ, რომ საქართველოს ნაკრებს დავეხმარო წარმატების მიღწევაში“, - აღნიშნა ბუდუმ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს შესარჩევ ეტაპზე ოთხი ტურის შემდეგ მხოლოდ 3 ქულა აქვს. ჯგუფს ესპანეთი 12 ქულით ლიდერობს, მეორე პოზიციაზე 9 ქულით თურქეთია, შესაბამისად, ვილი სანიოლის გუნდს ჯგუფიდან გასვლის მხოლოდ თეორიული შანსი აქვს. საქართველოს ნაკრები 15 ნოემბერს, ესპანეთს უმასპინძლებს, ხოლო 18 ნოემბერს, სტუმრად ბულგარეთს დაუპირისპირდება.









