ფეხბურთი

1:10 | 12.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

თურქი ფეხბურთელი ფსონების სკანდალის გამო ნაკრებში არ გამოიძახეს

თურქულ ფეხბურთში დიდი სკანდალია: ათასზე მეტი ფეხბურთელი გამოძიების ქვეშ მოექცა, ფსონების განთავსებასთან დაკავშირებით.

სტამბოლის პროკურატურამ დაადასტურა რამდენიმე მსაჯის, ასევე "ეიუფსპორის" პრეზიდენტის მურატ ოზკაიას დაკავება. ყველაფერი თურქეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის იბრაჰიმ ჰაჯიოსმანოღლუს მიერ ჩატარებული შიდა გამოძიების შედეგია, რომელმაც გამომძიებლებსა და ჟურნალისტებს გამოძიების შემაშფოთებელი შედეგები გააცნო.

ყურადღების ცენტრში მყოფ ფეხბურთელებს შორისაა ერენ ელმალი, "გალათასარაისა" და თურქეთის ეროვნული ნაკრების მარცხენა მცველი, რომელიც ვინჩენცო მონტელას გუნდს მსოფლიოს ჩემპიონატის ბოლო ორ საკვალიფიკაციო მატჩში დააკლდება.

A Bola-ს ცნობით, ელმალის, თურქეთის სუპერლიგის კიდევ 27 ფეხბურთელთან ერთად, სკანდალში სავარაუდო მონაწილეობის გამო, დისკვალიფიკაცია ემუქრება. ელმალი მათგან ყველაზე ცნობილია და ასევე ერთადერთია, რომელიც ეროვნულ ნაკრებში თამაშობს.

ამიტომაც, მონტელა იძულებული გახდა, რომ ელმალი მსოფლიოს ჩემპიონატის ბოლო ორი საკვალიფიკაციო მატჩისთვის გამოძახებული ფეხბურთელების სიიდან ამოეღო, რომელშიც თურქეთი ბულგარეთსა და ესპანეთს დაუპირისპირდება. აღსანიშნავია, რომ ელმალიმ 4 სექტექმბერს, თბილისში, საქართველოს ნაკრებთან 90 წუთი ითამაშა.

ელმალიმ ამ საკითხთან დაკავშირებით თავის შეხედულება ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებულ სთორიში გამოთქვა. 25 წლის ფეხბურთელმა განმარტა, რომ მის გარშემო ატეხილი დავა ხუთი წლის წინ დადებულმა ფსონმა გამოიწვია, რომელიც მაშინ იმ გუნდთან არ იყო დაკავშირებული, რომელშიც ის თამაშობდა:

„დღეს ვნახე, რომ ჩემი სახელი თურქეთის ფეხბურთის ფედერაციის მიერ ჩატარებულ დისციპლინურ გამოძიებაში იყო ნახსენები. უპირველეს ყოვლისა, მინდა განვმარტო, რომ ჩემი სახელი ამ პროცესში დაახლოებით ხუთი წლის წინ ჩემი გუნდის მიღმა დადებული ფსონია. მას შემდეგ არცერთი ფსონი გამიკეთებია და არც ამ საკითხთან მქონია რამენაირი კავშირი.

ფეხბურთი ჩემთვის მხოლოდ პროფესია არ არის, ეს არის გატაცება, რომელიც ჩემს ცხოვრებაში მთავარია. ყოველთვის პატიოსნად ვიბრძოდი მოედანზე. ამ ღირებულებებით მივაღწიე იმ დონეს, სადაც დღეს ვარ. ჩემი კარიერის განმავლობაში არასდროს მოვქცეულვარ ფეხბურთის ეთიკური პრინციპების, სპორტული სულისკვეთების ან ჩემი კლუბის ღირებულებების საწინააღმდეგოდ. ყოველთვის სუფთა ვიყავი, რათა ოდნავი სირცხვილიც არ მეგრძნო საკუთარი თავის, ჩემი ოჯახის, ჩემი კლუბის და ჩვენი გულშემატკივრების წინაშე და იგივე პოზიციას კვლავაც შევინარჩუნებ“, - დაწერა ელმალიმ.

ერენ ელმალი თურქეთის ნაკრებში 2022 წლიდან თამაშობს და 20 მატჩში მიიღო მონაწილეობა. საკლუბო კარიერაში ის „ქასიმპაშას“, „სილივრისპორის“ და „ტრაბზონსპორის“ ღირსებას იცავდა, ხოლო 2025 წლიდან „გალათასარაის“ წევრია.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.092525