UFC-ის ლეგენდარულმა მებრძოლმა ხაბიბ ნურმაგომედოვმა, რომელიც ამჟამად ისლამ მახაჩევის მწვრთნელია კომენტარი ილია თოფურიასა და მახაჩევის შესაძლო დაპირისპირებაზე კომენტარი გააკეთა. მისი აზრით ამ ორი მებრძოლის დაპირისპირება უდიდესი მოვლენა იქნება.
"ჩემი აზრით ილიასა და ისლამის დაპირისპირება ამ მომენტისთვის უდიდესი ორთაბრძოლაა. აღნიშნული დაპირისპირება ჯონ ჯონსისა და ალექს პერეირას ბრძოლაზე დიდი მოვლენა იქნება და ამის ხილვა ყველა გულშემატკივარს სურს. რა თქმა უნდა, ჯონსისა და პერეირას ბრძოლა საინტერესო იქნება, მაგრამ თოფურია- მახაჩევის ბრძოლასთან ახლოს ვერ მივა" - განაცხადა ხაბიბმა.
აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი ორგანიზაციის პრეზიდენტმა დენა უაითმაც გააკეთა:
"ამ ბრძოლის გამართვა სავსებით შესაძლებელია და ამის შანსი ნამდვილად არსებობს. ვფიქრობ, ამით ყველა დაინტერესებულია, მათ შორის ილია თოფურიაც და ისლამ მახაჩევიც", - განაცხადა უაითმა.
შეგახსენებთ, რომ ისლამ მახაჩევმა ზედა წონაში გადაინაცვლა, სადაც პირველ ბრძოლას 15 ნოემბერს გამართავს და დივიზიონის მოქმედ ჩემპიონს ჯეკ დელა მადალენას დაუპირისპირდება. სწორედ ამ ბრძოლის შედეგზე იქნება ბევრი რამ დამოკიდებული, მათ შორის ის თუ შეხვდებიან, თუ არა ილია და ისლამი ერთმანეთს.









