საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ოთარ კიტეიშვილმა ესპანეთთან მოახლოებული მატჩის წინ ისაუბრა.
როგორც მან თქვა, პირველ რიგში, საკუთარ თავს უნდა დაუმტკიცონ, რომ გუნდური სულისკვეთება და ჟინი არსად გამქრალა:
„ვემზადებით. შეიძლება მნიშვნელოვანი მატჩები არ იყოს იმ კუთხით, რომ ჯგუფიდან გასასვლელად სასწაული გვჭირდება, მაგრამ ჩვენთვის, ყველა ფეხბურთელისთვის, ზოგადად, ნაკრებში მომუშავე ყველა წევრისთვის, ძალიან მნიშვნელოვანი თამაშებია. მინდა, რომ პირველ რიგში, საკუთარ თავს და ერთმანეთს დავუმტკიცოთ, რომ ისევ გვაქვს გუნდური ჟინი და სულისკვეთება, ეს ისევ დიდი რაოდენობითაა და ნაკრები გააგრძელებს ზრდას. დავუმტკიცებთ ჩვენს თავს, რომ ჩავარდნა, რომელიც გვაქვს, დროებითია და იმედია, აუცილებლად გამოვასწორებთ“, - თქვა კიტეიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს შესარჩევ ეტაპზე ოთხი ტურის შემდეგ მხოლოდ 3 ქულა აქვს. ჯგუფს ესპანეთი 12 ქულით ლიდერობს, მეორე პოზიციაზე 9 ქულით თურქეთია, შესაბამისად, ვილი სანიოლის გუნდს ჯგუფიდან გასვლის მხოლოდ თეორიული შანსი აქვს. საქართველოს ნაკრები 15 ნოემბერს, ესპანეთს უმასპინძლებს, ხოლო 18 ნოემბერს, სტუმრად ბულგარეთს დაუპირისპირდება.









