საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე შეკრებასა და მოახლოებულ მატჩებზე ისაუბრა.
როგორც მან თქვა, წინა თვეში 100%-ით მზად არ იყო, მაგრამ მაინც ითამაშა, რადგან მისთვის საქართველოს ნაკრები ძალიან მნიშვნელოვანია. ახლა კი, თავს უკეთ გრძნობს და მაქსიმუმს გაიღებს:
„ესპანეთის წინააღმდეგ წლის ბოლო საშინაო მატჩს გავმართავთ. ყოველთვის ბედნიერები ვართ, როდესაც ჩვენი გულშემატკივრების წინაშე გვიწევს თამაში. დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობთ, მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფიდან გასვლის ძალიან მცირე შანსი გვაქვს. მაგრამ, ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანი თამაშებია ჩვენთვის, რადგან სწორედ ახლა უნდა დავიწყოთ მზადება მომავალი წლისთვის.
ოქტომბრის შეკრებაზე, ტრავმის გამო, ასი პროცენტით მზად არ ვიყავი, თუმცა ნაკრებისთვის ყოველთვის მაქსიმალურად ვიხარჯები. ჩემი ხალხისთვის და თანაგუნდელებისთვის თამაში ძალიან მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, ახლა უკეთეს ფორმაში ვარ, არაფერი მაწუხებს და ვეცდები, რომ გუნდს მაქსიმალურად დავეხმარო. ბედნიერები ვართ, რომ კვლავ ერთად გვიწევს თამაში და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ დადებითი შედეგით დავასრულოთ ეს შეხვედრები", - თქვა კვარაცხელიამ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს შესარჩევ ეტაპზე ოთხი ტურის შემდეგ მხოლოდ 3 ქულა აქვს. ჯგუფს ესპანეთი 12 ქულით ლიდერობს, მეორე პოზიციაზე 9 ქულით თურქეთია, შესაბამისად, ვილი სანიოლის გუნდს ჯგუფიდან გასვლის მხოლოდ თეორიული შანსი აქვს. საქართველოს ნაკრები 15 ნოემბერს, ესპანეთს უმასპინძლებს, ხოლო 18 ნოემბერს, სტუმრად ბულგარეთს დაუპირისპირდება.









