საქართველო - ესპანეთის მატჩის წინ ადგილობრივმა გაზეთმა AS-მა ვრცელი წერილი გამოაქვეყნა, რომელიც აწ გარდაცვლილ ხოსე მანუელ ოჩოტორენასა და გიორგი მამარდაშვილს ეხება.
ქართველმა მეკარემ „ვალენსიაში“ გადასვლის შემდეგ ოჩოტორენასთან 4 წელი იმუშავა და მეკარეების მწვრთნელმა დიდი როლი ითამაშა გიორგის განვითრებაში. ამიტომაც, AS-ი აქვეყნებს სტატიას სათაურით - მამარდაშვილი, ოჩოტორენას ბოლო ნამუშევარი ფეხბურთში:
„ხოსე მანუელ ოჩოტორენას ხსოვნას პატივი მიაგეს ეროვნული ნაკრების ბაზაზე (პირველი ვარჯიშის დაწყებამდე) და იგივე შაბათს კვლავ მოხდება თბილისში, გიორგი მამარდაშვილის თანდასწრებით. ქართველი მეკარე უკანასკნელია იმ მრავალი მეკარიდან, რომელთა გაუმჯობესებაშიც ოჩოტორენამ დიდი წვლილი შეიტანა. „მას დიდი გავლენა ჰქონდა ჩემს კარიერასა და ცხოვრებაზე“, - თქვა „ლივერპულის“ მეკარემ ოჩოტორენას გარდაცვალების შემდეგ.
ოჩოტორენა და მამარდაშვილი ივლისის ერთ შუადღეს პატერნას საწვრთნელ ბაზაზე შეხვდნენ ერთმანეთს. მწვრთნელმა არ იცოდა ვინ იყო ეს მეკარე, რომელიც ესპანურად არ საუბრობდა და ინგლისურად საუბარიც უჭირდა. თუმცა, ეს ერთი ნახვით შეყვარება იყო. ოჩოტორენა მისმა ფიზიკურმა აღნაგობამ გააოცა, მამარდაშვილი კი - იმ კავშირის გრძნობამ, რომელიც ბასკთან უცხო ქვეყანაში განიცადა. „საიდან მოვიდა ეს დიდი ბიჭი?“ - ჰკითხა მწვრთნელმა „ვალენსიის“ აკადემიის თანამშრომლებს, როდესაც ცდილობდა ინფორმაციის შეგროვებას 20 წლის მეკარის შესახებ, რომელიც „დინამო თბილისიდან“ „ვალენსიას“ სარეზერვო გუნდში იჯარით გადავიდა და რომელსაც კონტრაქტით ხოსე ბორდალასის პირველ გუნდში პრესეზონის უნდა გაეტარებინა. ამბობენ, რომ ცხოვრებაში სწორ დროს სწორ ადგილას უნდა იყო და მამარდაშვილი სწორედ ასე იყო 2021 წლის ზაფხულში. იასპერ სილესენისა და ხაუმე დომენეკის ტრავმებმა მას პრესეზონზე სათამაშო დრო მისცა, რაც არ მოხდებოდა, ისინი ჯანმრთელად რომ ყოფილიყვნენ. „ათრომიტოსთან“, „კარტახენასთან“, „ლევანტესა“ და „მილანთან“ ამხანაგურ მატჩებში მან დაამტკიცა, რომ ამ საქმისთვის შესაფერისი ადამიანი იყო. სწორედ აქედან დაიწყო მისი ელიტური კარიერა, რომელიც სტატისტიკურად მოიცავს 134 მატჩს „ვალენსიაში“, 33 მატჩს საქართველოს ნაკრებში და 9 მატჩს - „ლივერპულში“. თუმცა, „ვალენსიადან“ 30 მილიონ ევროდ წასვლამდე მან ოჩოტორენასთან ერთად განვითარების გზა გაიარა.
პირველივე ვარჯიშებიდან ოჩოტორენამ მამარდაშვილში ფიზიკური აღნაგობის გარდა, კიდევ ერთი ღირსება შენიშნა: მას ბუნებრივი ნიჭი ჰქონდა გადამწყვეტი სეივების განხორციელების, განსაკუთრებით ერთი-ერთზე სიტუაციებში. თუმცა, ასაკისა და წარმომავლობის გამო, ის დაუმუშავებელი ბრილიანტი იყო, თანამედროვე მეკარის პროტოტიპი და ოჩოტორენამ მისი დახვეწა დაიწყო. სიმაღლის მიუხედავად, ის კარგად მოძრაობდა ბალახზე, მოქნილი და სწრაფი რეფლექსი ჰქონდა. თუმცა, მამარდაშვილი მეკარე მამასთან ვარჯიშის შედეგად გახდა, რომელიც ასევე მეკარე იყო და აკლდა ევროპის ტოპლიგების ახალგაზრდულ აკადემიებში შემუშავებული სავარჯიშო პროგრამები.
ოჩოტორენამ სხვა მეკარეებთან გამოყენებული განსხვავებული სავარჯიშო გეგმა შეიმუშავა. მან ენობრივი ბარიერი ვიდეო სესიებით გადალახა, რათა ეჩვენებინა, რა გააკეთა არასწორად, რა იყო კარგი და რა იყო სწორი, საკუთარი თავის კადრების გამოყენებით. ფსიქოლოგიური ასპექტიც მნიშვნელოვანი იყო, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მამარდაშვილი, „სანჩეს პისხუანზე“ მეექვსე ტურში „სევილიას“ წინააღმდეგ დაშვებული ორი აშკარა შეცდომის შემდეგ გაიყინა. ბორდალასი და ოჩოტორენა მიხვდნენ, რომ ქართველს გადატვირთვა სჭირდებოდა, ყველაფრის გააზრება, რაც მის თავს ხდებოდა, ზეწოლისგან და ყურადღების ცენტრში მოხვედრისგან თავის დაღწევა. სწორედ ამიტომ გადაიყვანეს ის სათადარიგოთა სკამზე, რათა „პატერნაში“ ყოველდღიური ვარჯიშით თავდაჯერებულობა აღედგინა. თუმცა, 2022 წლის 6 თებერვალს, „სოსიედადთან“ ის სასტარტო შემადგენლობაში დაბრუნდა ძირითად შემადგენლობაში აღარასდროს შეუცვლია ადგილი.
„ვალენსიაში“ 4-წლიანი ერთად მუშაობის განმავლობაში, მამარდაშვილსა და ოჩოტორენას შორის განსაკუთრებული ურთიერთობა ჩამოყალიბდა. იმდენად, რომ ბასკი მწვრთნელი ოჯახის მიღმა, ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც შეიტყო „ლივერპულისგან“ შეთავაზების შესახებ: „უბრალოდ კონტრაქტს მოაწერე ხელი“, - უთხრა მამარდაშვილს მენეჯერმა, რადგან იცოდა, რომ ის მზად იყო კარიერაში ამ ნაბიჯის გადასადგმელად და იცნობდა იმ კლუბს, სადაც თავის დროზე რაფა ბენიტესის ხელმძღვანელობით გადავიდოდა. „ენფილდზე“ მამარდაშვილი ალისონის ტრავმით სარგებლობს, თუმცა გუნდის შედეგები არც თუ ისე ხელსაყრელია და ბრაზილიელი, სავარაუდოდ, ბარძაყის ტრავმისგან თვის ბოლომდე გამოჯანმრთელდება.
2021 წლის იმ ზაფხულიდან მოყოლებული, მამარდაშვილმა მეკარის ყველა ასპექტში გაუმჯობესება განიცადა. სხვა საკითხებთან ერთად, პენალტების მოგერიების მხრივაც. სისუსტე, რამაც მას პირველ სეზონში ვალენსიასთან ერთად ესპანეთის თასის მოგებაში ხელი შეუშალა. „ლა კარტუხაზე“ „ბეტისთან“ პენალტებში მან ვერცერთი პენალტი მოიგერია. თუმცა, ერლინგ ჰოლანდის წინააღმდეგ ბოლო სეივით, მამარდაშვილი ევროპის ტოპ ხუთ ლიგაში საუკეთესო მეკარე გახდა 2023/24 წლების სეზონიდან მოყოლებული პენალტის მოგერიებით: ექვსი. მანამდე მამარდაშვილმა 18 -დან მხოლოდ 2 მოიგერია (11%), მას შემდეგ, ოჩოტორენას ხელმძღვანელობით, მან 16-დან 7 პენალტი მოიგერია (43.6%). ყველა ამ მიზეზის გამო, მამარდაშვილი ოჩოტორენას ბოლო ნამუშევარია ფეხბურთში“, - წერს გამოცემა.
შეგახსენებთ, რომ ხოსე მანუელ ოჩოტორენა მეკარეების მწვრთნელად წლების განმავლობაში „ვალენსიაში“, „ლივერპულსა“ და ესპანეთის ნაკრებში მუშაობდა. ის რამდენიმე დღის წინ 64 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა.
საქართველო-ესპანეთის მატჩი მისი ხსოვნის პატივსაცემად წუთიერი დუმილით დაიწყება.









