რაგბი

17:00 | 14.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

ბორჯღალოსნები | 5 ცვლილება და 6 მორკინალი მარქაფაში

ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა კანადასთან გასამართი მატჩისთვის აშშ-სთან შეხვედრის შემდეგ სასტარტო შემადგენლობაში 5 ცვლილება განახორციელა, მარქაფაში კი 6 მორკინალი გაამწესა.

დამწყებთა შორის 3 ცვლილებაა შერკინებაში, ორი კი ხაზში.

ბათუმის „აჭარაბეთ არენაზე“ პირველივე წუთებიდან თამაშს იწყებენ კვაჭი ვანო კარკაძე, რომელიც აშშ-სთან მარქაფაში იყო. ძირითად შემადგენლობაში გამოჩნდა ბურჯი ირაკლი აფციაური. მესამე ხაზში ლუკა ივანიშვილის ნაცვლად თამაშს იწყებს ილია სპანდერაშვილი.

შერკინების პირველ ხაზში ადგილი შეინარჩუნა ბურჯმა დავით აბდუშელიშვილმა, ვისაც ერთი კვირის წინ სანაკრებო დებიუტი ქონდა. უცვლელია შერკინების მეორე ხაზი - მიხეილ ბაბუნაშვილი და ლადო ჩაჩანიძე. მესამე ხაზში თამაშს იწყებენ ბექა საღინაძე და ბექა გორგაძე.

კანადასთან მატჩისთვის შერკინების მარქაფაში 6 მორაგბეა. სათადარიგოთა სკამზე გადაინაცვლეს კვაჭმა ირაკლი ქვათაძემ და ბურჯმა ბექა გიგაშვილმა, ასევე მესამეხაზელმა ლუკა ივანიშვილმა. იქ ადგილი შეინარჩუნა ბურჯმა გიორგი თეთრაშვილმა, მეორეხაზელი გიორგი ჯავახია და მესამეხაზელი თორნიკე ჯალაღონია კი ბორჯღალოსნებს ამ კვირაში შეუერთდნენ და მომავალ შეხვედრას თადარიგიდან იწყებენ.

უცვლელია ღერძი - ვასილ ლობჟანიძე და თედო აბჟანდაძე. ცენტრში ადგილი შეინარჩუნა გიორგი კვესელაძემ, რომელსაც ამჯერად გიორგი შველიძე შეუწყვილდება. მან ცენტრში ფრთიდან გადაინაცვლა. შეიცვალა ორივე ფრთა და თამაშს დემე თაფლაძე და შალვა აფციაური იწყებენ. ფულბეკი ამჯერადაც დავით ნინიაშვილი იქნება.

ხაზში გუნდს გელა აფრასიძე და ლუკა მატკავა გააძლიერებენ.

ბათუმში თამაში 15 ნოემბერს, 16 საათზე დაიწყება.




სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.096923