სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

21:14 | 14.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს 21-წლამდე ნაკრები საბერძნეთთან დამარცხდა

საქართველოს 21-წლამდე ნაკრები ევროპის 2027 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საბერძნეთს ესტუმრა, რომელთანაც 0:3 დამარცხდა.

საბერძნეთი მატჩს უდანაკარგოდ შეხვდა, ფავორიტიც იყო და სტატუსი გაამართლა. მასპინძლებმა ყველაფერში აჯობეს რამაზ სვანაძის გუნდს და პირველი ტაიმის მიწურულს, ორწუთიან ინტერვალში ორბურთიანი უპირატესობას მოიპოვეს.

44-ე წუთზე სტეფანო ციმასმა პენალტით გახსნა ანგარიში და თავისი გუნდი დააწინაურა, ხოლო ძალიან მალე ალექსიოს კალაგეროპულოსმა სხვაობა გააორმაგა. მეორე ნახევარში საქართველო უფრო აქტიური გახდა, მაგრამ მომენტების შექმნა უჭირდა. თუმცა, გასატანად იდეალური შანსი მაინც მიიღო, როცა 75-ე წუთზე ლუკა წულუკიძემ პენალტი მოიპოვა. თერთმეტმეტრიანი მანვე შეასრულა, მაგრამ ბურთი ძელს მოხვდა და ანგარიში უცვლელი დარჩა - მხოლოდ 4 წუთით. ბერძნებმა მალევე საქართველოს ნაკრები დასაჯეს და დიმიტრიოს კერამიცისმა გაიტანა - 3:0.

საინტერესოა, რომ საბერძნეთმა სამივე გოლი სტანდარტული სიტუაციიდან გაიტანა. როგორც ჩანს, საქართველოს ეროვნული ნაკრების არ იყოს, ახალგაზრდული ნაკრებისთვისაც სტანდარტები, როგორც დაცვაში, ისე შეტევაში სერიოზული პრობლემაა...

საქართველოს ოთხ მატჩში 5 ქულით მეოთხე ადგილი უკავია და ჯგუფში პირველობის შანსი პრაქტიკულად აღარ აქვს, მეორე ადგილისა და პლეი-ოფის შანსი ჯერ არსებობს, მაგრამ საამისოდ, 18 ნოემბერს, მომდევნო ტურში თბილისში, გერმანიის ახალგაზრდული ნაკრები აუცილებლად უნდა დაამარცხოს.

საბერძნეთი - საქართველო 3:0 (2:0)

ათენი, „პანათინაიკოს არენა“

საქართველო (4-2-3-1): ბერუაშვილი; გვასალია (წულუკიძე 72), ლაცაბიძე (გიუნაშვილი 83), ბუკია, ხარებაშვილი - ლორთქიფანიძე (ქარსელაძე 72), დადიანი - ტაბატაძე (პარკაძე 58), ჯაფარიძე, ბასილაძე - გოცირიძე (დეისაძე 46).

გოლები: 1:0 ციმასი (44, პენ), 2:0 კალაგეროპულოსი (45), 3:0 კერამიცისი (79)

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.096143