საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე მეორე მარცხი განიცადა.
ვასილ მაისურაძის გუნდი პირველ ტურში ხორვატიასთან დამარცხდა (0:2), ხოლო ამჯერად სერბეთთან ვერ გააწყო ვერაფერი. პირველი ტაიმი ქართველმა ფეხბურთელებმა საბა ნიორაძის გოლით მოიგეს, თუმცა მეორე ნახევარში მოპოვებული უპირატესობა გაანიავეს.
59-ე წუთზე ანგარიში ვასილიე კოსტოვმა გაათანაბრა, 76-ე წუთზე კი ეროშ ჯორჯევიჩმა სერბეთი დააწინაურა, ხოლო მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში საბოლოო ანგარიში მიჰაილო ცვეტკოვიჩმა დააფიქსირა - 3:1.
საქართველოს 19-წლამდე ნაკრები ჯგუფში ბოლო მატჩს 18 ნოემბერს, გიბრალტარის წინააღმდეგ ჩაატარებს.
ჯგუფიდან მომდევნო ეტაპზე ორი გუნდი გავა, ხოლო ჯგუფების მესამეადგილოსნებს შანსი ექნებათ, რომ საუკეთესო მესამეადგილოსანი გუნდის სტატუსით გავიდნენ შემდეგ წრეში. თუმცა, საქართველოს გაუჭირდება საუკეთესო მესამეადგილოსნებში მოხვედრა, ამდენად, მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსი პრაქტიკულად დაკარგულია.
სერბეთი - საქართველო 3:1 (0:1)
საქართველო: ყავლაშვილი, კუპრავა (მურვანიძე 57), ხუციშვილი, გოგოლი, ამისულაშვილი, შათირიშვილი, ჩიქოვანი (დოლტმურზიევი 88), გოგილაშვილი (ბართიშვილი 79), რატიანი, დიაკონიძე, ნიორაძე (დანელია 79)
გოლები: 0:1 ნიორაძე (36), 1:1 კოსტოვი (59), 2:1 ჯორჯევიჩი (76), 3:1 ცვეტკოვიჩი (90)





