სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

22:58 | 15.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

არაფერი ახალი: საქართველოს უშანსო მარცხი ესპანეთთან

ვილი სანიოლს და ფეხბურთელებს უკეთესის იმედი ჰქონდათ იმისგან, რაც სექტემბერსა და ოქტომბერში ვნახეთ, მაგრამ ფაქტია, არაფერი შეცვლილა - საქართველოს ნაკრებმა ისევ ცუდი თამაში აჩვენა და უშანსოდ დამარცხდა.

ესპანეთის ნაკრებმა „დინამო არენაზე“ კვლავ გაისეირნა და მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურის მოპოვებასთან ძალიან ახლოსაა. კლასში სხვაობა უდიდესი იყო, ესპანეთის ნაკრებს დანაკლისი საერთოდ არ შეეტყო, მარტივი მიზეზით - ესპანეთის ნაკრებში მთავარი არა რომელიმე ფეხბურთელი, არამედ გუნდური სისტემაა და თუ არ იქნება ერთი, იქნება - მეორე. ამიტომაც, ლუის დე ლა ფუენტეს გუნდს დანაკლისი არასდროს ეტყობა. განსხვავებით საქართველოს ნაკრებისგან, რომელიც დამოკიდებულია ინდივიდებზე და თუ ვინმე მოედანზე ვერ გადის, მისი შეცვლა სერიოზული პრობლემაა - გუნდური სისტემის და საძირკველის არარსებობის გამო.

მატჩის ბედი პირველივე ტაიმში გადაწყდა: ჯერ საჯარიმოში ბურთი ხელზე გიორგი გოჩოლეიშვილს მოხვდა და პენალტი დაინიშნა, რომელიც გოლად მიკელ ოიარსაბალმა აქცია. მალევე, სტუმრებმა ლამაზი, მაგრამ უმარტივესი კომბინაცია გაათამაშეს და საქართველოს ნაკრებიც დაცვა ჩავარდა - მარტინ სუბიმენდი მეკარესთან პირისპირ დარჩა და გაიტანა. „ფურია როხამ“ ეს არ იკმარა, შესვენებამდე კიდევ გაიტანა. ამჯერად თავი ფერან ტორესმა გამოიჩინა, დაცვაში პრობლემები აქაც ჩანდა. საპასუხოდ, საქართველოს ნაკრებს რა ჰქონდა? არც არაფერი. გაუაზრებელი და დაულაგებელი რამდენიმე გადასვლა მეტოქის ნახევარზე.

მეორე ტაიმშიც არაფერი შეცვლილა, გარდა იმისა, რომ ესპანეთის ნაკრებმა ძალების დაზოგვაზე ფიქრი დაიწყო და ბევრს აღარ უტევდა. თუმცა, მაინც გაიტანა: ფერან ტორესის ჩაწოდების შემდეგ ოიარსაბალმა დუბლი შეასრულა და ანგარიში 4:0 გახადა. ანგარიშის სხვაობა უფრო დიდიც იქნებოდა, გიორგი მამარდაშვილმა რამდენჯერმე იხსნა თავისი ნაკრები.

ესპანეთის ნაკრები მსოფლიოში საუკეთესოთა შორისაა და მისი დამარცხება ურთულესია, შეიძლება ამას არც არავინ ითხოვს, მაგრამ თამაშის ხარისხი, რომელიც საქართველოს ნაკრებს ბოლო პერიოდში აქვს - ამაზრზენია. უბრალოდ, არ არსებობს და ეს საგანგაშოა. სანიოლს სჯერა, რომ ყველაფერს გამაოსწორებს, მაგრამ ძნელი სათქმელია, რამდენად მოახერხებს.

ესპანეთის ნაკრები 15 ქულით ჯგუფში პირველ ადგილზეა, სამი ქულით უსწრებს თურქეთს, რომელსაც ბოლო ტურში უმასპინძლებს და დიდი ანგარიშით თუ არ წააგებს, მუნდიალზე გავა, ხოლო თურქეთს პლეი-ოფში მოუწევს ბრძოლა.

საქართველოს ნაკრები ხუთ ტურში 3 ქულით მესამეა, ბულგარეთს ქულა აქვს. სწორედ მესამე ადგილისთვის, 18 ნოემბერს, სოფიაში - ბულგარეთი და საქართველო დაუპირისპირდებიან.

საქართველო - ესპანეთი 0:4 (0:3)

თბილისი, „დინამო არენა“

საქართველო (4-2-3-1): მამარდაშვილი, მამუჩაშვილი, გოგლიჩიძე (კაშია 46), ლოჩოშვილი, გოჩოლეიშვილი; მექვაბიშვილი (წიტაიშვილი 72), კიტეიშვილი; ტაბატაძე (კვერნაძე 57), დავითაშვილი (აბუაშვილი 85), კვარაცხელია; ზივზივაძე (ქვილითაია 72)

მწვრთნელი: ვილი სანიოლი

ესპანეთი (4-3-3): სიმონი; პედრო პორო (ლორენტე 46), კუბარსი, პალორტი, კუკურელია; სუბიმენდი, ფაბიან რუისი (ბარიოსი 62), მერინო (ლოპესი 62); ფერან ტორესი (პინო 80), ოიარსაბალი (იგლესიასი 71), ალექს ბაენა

მწვრთნელი: ლუის დე ლა ფუენტე

გოლები: 0:1 ოიარსაბალი (11, პენ), 0:2 სუბიმენდი (22), 0:3 ტორესი (35), 0:4 ოიარსაბალი (63)

გაფრთხილება: მერინო (57)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 6 (2) – 14 (7) ბურთის ფლობა: 39%-61% კუთხურები: 4:6 თამაშგარე: 1:0

მსაჯი: ბენუა ბასტიენი (საფრანგეთი)

1. ესპანეთი 5 5 0 0 19 0 19 15
2. თურქეთი 5 4 0 1 15 10 5 12
3. საქართველო 5 1 0 4 6 13 -7 3
4. ბულგარეთი 5 0 0 5 1 18 -17 0
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.098272