ნორვეგიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზეა, იტალია პლეი-ოფში და ისევ კრიზისშია.
შესარჩევი ეტაპის ბოლო ტურში ჯენარო გატუზოს გუნდმა მილანში, ნორვეგია 9-ბურთიანი სხვაობით უნდა დაემარცხებინა, რაც რა თქმა უნდა, არ გამოუვიდა. პირიქით, 1:4 განადგურდა და ისედაც დეპრესიული მდგომარეობა კიდევ უფრო დაიმძიმა.
მე-11 წუთზე „სკუარდა აძურა“ ფრანჩესკო პიო ესპოზიტომ დააწინაურა და თითქოს, იტალიას უფრო მეტად უნდა შეეტია, თუმცა, ეს ილუზია იყო. მეორე ნახევარში ნორვეგიამ საფეხბურთო გაკვეთილი ჩაუტარა მასპინძლებს - ანტონიო ნუსამ გაათანაბრა, მერე ერლიგ ჰოლანდმა დუბლი შეასრულა, რომელიც 16 გოლით საკვალიფიკაციო ეტაპის ბომბარდირი გახდა, ხოლო იტალიელთა რბევა იორგენ სტრანდ ლარსენმა დაასრულა და 4:1.
ნორვეგიის ნაკრებმა საკვალიფიკაციო ეტაპი 8 ტურში 8 მოგებით და 24 ქულით დაასრულა, იტალია ორჯერ გაანადგურა, შინ 3:0 და სტუმრად - 4:1. 2000 წლის შემდეგ, როცა ნორვეგია ევროპის ჩემპიონატზე იყო, დაუბრუნდა დიდ სანაკრებო ფორუმს, ხოლო მსოფლიოს ჩემპიონატზე 1998 წლის შემდეგ პირველად ითამაშებს.
აი, ითამაშებს თუ არა იტალიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე 2014 წლის შემდეგ პირველად, ეს მარტში გაირკვევა, როცა პლეი-ოფის ნახევარფინალი და ფინალი გაიმართება. 20 ნოემბერს, წილისყრაა და იტალია მეტოქის ვინაობას გაიგებს, თუმცა, ვინც არ უნდა შეხვდეს, ძალიან გაუჭირდება, გუნდი უდიდესი წნეხის ქვეშაა.
იტალია - ნორვეგია 1:4 (1:0)
გოლები: 1:0 ესპოზიტო (11), 1:1 ნუსა (63), 1:2 ჰაალანდი (78), 1:3 ჰაალანდი (80), 1:4 ლარსენი (90)
| 1. | ნორვეგია | 8 | 8 | 0 | 0 | 37 | 5 | 32 | 24 |
| 2. | იტალია | 8 | 6 | 0 | 2 | 21 | 12 | 9 | 18 |
| 3. | ისრაელი | 8 | 4 | 0 | 4 | 19 | 20 | -1 | 12 |
| 4. | ესტონეთი | 8 | 1 | 1 | 6 | 8 | 21 | -13 | 4 |
| 5. | მოლდოვა | 8 | 0 | 1 | 7 | 5 | 32 | -27 | 1 |
მსოფლიოს ჩემპიონატზე უკვე გავიდნენ ავსტრალია, ირანი, იაპონია, იორდანია, კატარი, საუდის არაბეთი, სამხრეთ კორეა, უზბეკეთი, ალჟირი, კაბო ვერდე, ეგვიპტე, განა, კოტ დივუარი, მაროკო, სენეგალი, სამხრეთ აფრიკა, ტუნისი, კანადა, მექსიკა, აშშ, არგენტინა, ბრაზილია, კოლუმბია, ეკვადორი, პარაგვაი, ურუგვაი, ახალი ზელანდია, ინგლისი, საფრანგეთი, ხორვატია, პორტუგალია და ნორვეგია.









