NBA-ს მორიგი ტურის შეხვედრები გაიმართა, სადაც გოგა ბითაძის "ორლანდო მეჯიქი" "ჰიუსტონ როკეტსს" ესტუმრა და მძიმე ბრძოლაში 113:117 დამარცხდა.
შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა და გუნდებს გამარჯვებულის გამოსავლენად ოვერტაიმი დასჭირდათ. ძირითადი დრო ფრედ 102:102 დამთავრდა, დამატებით ტაიმში კი მასპინძლები უკეთ გამოიყურებოდნენ რაც საბოლოოდ შედეგზეც აისახა 117:113.
გოგა ბითაძემ შეხვედრა სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო და პარკეტზე არასრული 16 წუთი გაატარა (15:33), აღნიშნულ დროში ქართველმა ცენტრმა 4 ქულას, 4 მოხსნას, 1 შედეგიან გადაცემას, 1 დაფარებას და 1 ჩაჭრას მოუყარა თავი.
"ჰიუსტონის" მხრიდან საუკეთესოები კევინ დურანტი (35 ქულა) და ალპერენ შენგუნი (30 ქულა) გახდნენ, რაც შეეხება "ორლანდოს", მათ რიგებში ყველაზე მეტი ქულა (29 ქულა) ფრანც ვაგნერმა დააგროვა.
შეგახსენებთ, რომ "ორლანდოს" 7 მოგება და ამავე რაოდენობის მარცხი აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-10 ადგილს იკავებს. მომდევნო მატჩს ბითაძის გუნდი 19 ნოემბერს გამართავს და საკუთარ მოედანზე "გოლდენ სტეიტს" უმასპინძლებს.









