სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

19:40 | 17.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

ვილი სანიოლი: "თითოეულ თამაშს დიდი მნიშვნელობა ექნება, რომ მომდევნო ტურნირისთვის მოვემზადოთ"
"გამარჯვება გვინდა, რომ საკვალიფიკაციო ეტაპი კარგ ნოტაზე დავასრულოთ"

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ბულგარეთთან მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა.

ფრანგმა სპეციალისტმა სხვადასხვა თემაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სურთ საკვალიფიკაციო ეტაპის კარგ ნოტაზე დასრულება, რის გამოც ექსპერიმენტები არ იქნება:

„სრულიად განსხვავებულ თამაშს ველით, ვიდრე თბილისში იყო, რადგან ეს საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო მატჩია. ორივე გუნდს მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსი არ აქვს. გვინდა, რომ კარგი სტილით დავასრულოთ. ორივე გუნდს გამარჯვება სურს, მაგრამ ამავდროულად, მათ არ სურთ წაგება.

მას შემდეგ, რაც გუნდის სათავეში ვარ, გრძელვადიანი მიზნები არ გვქონია. 2024 წელს ევროპის ჩემპიონატზე გავედით, რაც მიზნად დავისახეთ და მიღწევაც შევძელით. ევროპის ჩემპიონატის შემდეგ სიტუაცია განსხვავებულია. ყოველ ჯერზე, როცა რაღაცას ხელახლა აკეთებ, ეს გაცილებით რთულია, ვიდრე პირველად გააკეთე. ახლა კი, ვფიქრობ, ფეხბურთელები და ჩემი შტაბის წევრები ხვდებიან, რა არის საჭირო ისევ წარმატების მისაღწევად.

ბოლო პერიოდში სიტუაცია შეიცვალა, ფეხბურთელებიც, რადგან ზოგიერთი ასაკშია, ზოგიერთი აღარ თამაშობს. როგორც თქვით, ახლა იმ ეტაპზე ვართ, როცა ყველაფერი თავიდან უნდა ავაწყოთ, განსაკუთრებით, მთელი თავდაცვითი ორგანიზაცია. ხვალ ოფიციალური თამაშია. ჩვენთვის მნიშვნელოვანი მატჩია, რადგან, როგორც ვთქვით, ამ საკვალიფიკაციოს კარგი და პოზიტიური ნოტაზე დასრულება გვინდა. ამიტომ ხვალ არ იქნება არც ექსპერიმენტები და არც რაიმე ახალი. ხვალ გამარჯვება გვინდა. მაგრამ ამ გამარჯვებისთვის გვჭირდება კარგი გუნდური პერფორმანსი. ეს სურთ მოთამაშეებსაც და მეც, რომ ხვალ ყველამ ერთად რაღაც ძალიან სტაბილური ვაჩვენოთ. მიუხედავად იმისა, რომ ესპანეთთან წავაგეთ, მაინც იგივე ამბიცია უნდა გვქონდეს ბურთით, ყოველთვის ვეცადოთ რაღაცის შექმნას. რადგან ვფიქრობ, რომ ერთადერთი გზა, მომავალში ისევ წარმატებას რომ დავუბრუნდეთ, არის ის, თუ როგორ გამოვიყენებთ ბურთს ახლა. მიუხედავად იმისა, რომ წავაგეთ, როგორც ესპანეთთან თამაშის შემდეგ ვთქვი, თამაშის სახით, ბურთის გამოყენების მხრივ, ბევრად უკეთესები ვიყავით, ვიდრე ბოლო ექვსი-შვიდი თვის განმავლობაში. ბურთის კონტროლით ძალიან კმაყოფილი ვიყავი და იმედი მაქვს, ხვალ ზუსტად იგივე გავაკეთებთ.

მაქსიმალურად კარგად მოვემზადოთ შემდეგი ოფიციალური ტურნირისთვის: ერთა ლიგისთვის და შემდეგი ევროპის ჩემპიონატის შესარჩევისთვის. ამისთვის თითოეულ თამაშს ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება - მოთამაშეებმა ეს კარგად იციან, რადგან მარტში და ივნისში მხოლოდ ამხანაგურები გვექნება, მაგრამ ეს ოთხი ამხანაგური მატჩიც, ჩემთვის, იქნება როგორც ოფიციალური ტურნირი. იმიტომ, რომ ერთადერთი გზა, საუკეთესოდ მოემზადო, არის ის, რომ ყველა თამაშს მაქსიმალურად სერიოზულად მიუდგე, იგივე მოტივაციით, უკეთ და უკეთ გამოსვლის სურვილით.

ფეხბურთს ხალხისთვის ზოგჯერ სიხარული მოაქვს, ზოგჯერ იმედგაცრუება, ეს ყველგან ასეა, ყველა ქვეყანაში, არა მხოლოდ საქართველოში. როდესაც შედეგები კარგი არ არის, ეს არ აძლევს ადამიანებს საშუალებას, დაივიწყონ ყოველდღიური პრობლემები, რომლებიც საკმაოდ სერიოზულია. უბრალოდ ვიცით, რომ ყოველთვის მაქსიმუმს ვაკეთებთ. ხანდახან წარმატებით, ხანდახან - არა. ეს არის ერთადერთი, რაც შეგვიძლია. თუ ქვეყნისთვის რაღაცის გაკეთება შეგვიძლია, ეს სწორედ ის არის. დანარჩენი კი ჩვენზე აღარ არის დამოკიდებული.

ტრავმები ფეხბურთის ნაწილია, ბევრი არაფრის თქმა შემიძლია. რა თქმა უნდა, ჩაკვეტაძე გვაკლია, რადგან სხვა ტიპის ფეხბურთელია, თავისი უნარებით და იმით, რისი გაკეთებაც მოედანზე შეუძლია.

ხვალ მნიშვნელოვანი მატჩია. ახალი მოთამაშისთვის შანსის მიცემა ყოველთვის საინტერესოა, მაგრამ ვფიქრობ, წელს კარი საკმაოდ ფართოდ გავაღეთ ყველასთვის. გვყავს ბევრი ახალი ფეხბურთელი, მაგრამ ახლა დროა, ჯგუფი გავაძლიეროთ, არა მხოლოდ გუნდი, არამედ მთლიანად ჯგუფი. როცა, მაგალითად, გყავს ახალი მოთამაშე, როგორც ბერიაშვილი, რომელიც ჩვენთან პირველად გამოჩნდა გუშინ საღამოს, ჩემთვის ის უკვე ჯგუფის ახალწვეულია. ჯგუფში ყოფნა და ჯგუფთან ერთად ცხოვრება მნიშვნელოვანია, და ყველაფერი ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა ხდებოდეს. მაგრამ ვინც ხვალ ითამაშებს, ახალწვეული თუ გამოცდილი - კარგად, მაღალ დონეზე თამაში მოუწევს“, - თქვა სანიოლმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ჯგუფში 3 ქულით მესამე ადგილზეა და ჯგუფიდან გასვლის შანსი დაკარგული აქვს, ხოლო წლის ბოლო მატჩს ბულგარეთთან 18 ნოემბერს, თბილისის დროით 23:45 საათზე გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.091926