რაც თავი გვახსოვს, მტერ-მოყვარე იმაზე მსჯელობს, თუ როდის დაიდგმება „კამპ ნოუს“ სტადიონზე“ ლეო მესის ქანდაკება. ამაზე ჯერ კიდევ მაშინ იყო გახურებული სჯა-ბაასი, როდესაც არგენტინელი ლეგენდა „ბარსელონას“ მაისურით ახდენდა სასწაულებს. ლეოს კატალონიიდან წასვლის შემდეგ ამ თემაზე საუბრები თითქოს ცოტა მინელდა.
თუმცა, „ბარსას“ ქომაგებში მაინც მუდამ მუსირებდა აზრი და იდეა იმის შესახებ, რომ მათი კლუბის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი ნამდვილად იმსახურებდა არათუ მცირე, კარგა მოზრდილ ქანდაკებას და ამის შესახებ გუნდის ხელმძღვანელობას არაერთხელ მისწერეს კიდეც.
ახლა კი როგორც იქნა დადგა ნანატრი ჟამი და კატალონიური კლუბის პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ განაცხადა, რომ რაკი ჩია არგენტინელის სახელი სამუდამოდ ებმის მათ კლუბის სახელს, ლეოსთან და მის ოჯახთან შეთანხმებით უახლოეს მომავალში აუცილებლად დადგამენ მესის ძეგლს, რომლის გახსნაზეც ცხადია თავად ლაიონელიც იქნება მიწვეული.









