სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

1:40 | 19.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

დემორალიზებული გუნდი: საქართველოს ნაკრებმა ბულგარეთშიც წააგო

ვილი სანიოლი შესარჩევი ეტაპის მაჟორულ ნოტაზე დასრულებაზე საუბრობდა, მაგრამ სხვაგვარი ფაქტი დადგა - საქართველოს ნაკრებმა ციკლი და 2025 წელი დეპრესიულად, დემორალიზებულად დაასრულა და ბულგარეთის უსუსტეს ნაკრებთან დამარცხდა...

საქართველოს ნაკრები რომ კრიზისშია, კიდევ ერთხელ გამოჩნდა, ბულგარეთის სუსტ ნაკრებთან საშინელი პირველი ტაიმი ჩაატარა, კატასტროფული, უამრავი შეცდომით, ბრძოლისუნარიანობის გარეშე, შეტევაში გააზრებული მოქმედებისა და კარში დარტყმის გარეშე.

დაცვაში ვილი სანიოლის გუნდს ძალიან უჭირს, რაც სოფიაში მალევე გამოჩნდა. მე-10 წუთზე ლუკა ლოჩოშვილი შეცდა, რაც ბულგარელებმა გამოიყენეს და გეორგი რუსევმა ეფექტური დარტყმით ანგარიში გახსნა. სწრაფმა გოლმა საქართველო ვერ გამოაფხიზლა, პირიქით, მალევე დაცვაში კიდევ ერთი შეცდომა გოლით დასრულდა, რომელიც ფილიპ კრასტევმა გაიტანა. საშინელი ტაიმით უკმაყოფილო ვილი სანიოლიც იყო, რომელმაც შესვენებამდე საყრდენი ნახევარმცველი ანზორ მექვაბიშვილი ფორვარდით, გიორგი ქვილითაიათი შეცვალა.

საინტერესოა, რომ ბულგარეთის ნაკრებმა პირველ ტაიმში 2 გოლი 2021 წლის შემდეგ პირველად გაიტანა. ბოლოს ეს სწორედ საქართველოსთან ჰქონდა გაკეთებული, როცა 4 წლის წინ სპარინგში პირველ ტაიმში სამჯერ გაიტანა...

მეორე ტაიმი საქართველოს ნაკრების უპირატესობით დაიწყო და პირველი სახიფათო მომენტიც როგორც იქნა შექმნა, მაგრამ ქვილითაიას დარტყმა მეკარემ მოიგერია. საქართველოს ნაკრები მთელი თამაშის განმავლობაში ფლობდა ბურთს, მაგრამ გააზრებული შეტევა პრაქტიკულად არ ჰქონია და თამაშის ხარისხი ისევ საშინელი იყო, უფრო სწორად, საერთოდ არ არსებობდა. 89-ე წუთზე გავიდა პრესიტჟის გოლი, რომელიც ცენტრალურმა მცველმა ლოჩოშვილმა გაიტანა, რომელიც თავდამსხმელის პოზიციაზე აღმოჩნდა და ზუსტად დაარტყა. საბოლოოდ, ბულგარეთმა 2:1 მოიგო და წარუმატებელი სერია შეწყვიტა.

ურთიერთშეხვედრების ისტორიაშიც ბულგარეთმა უპირატესობა გაზარდა საქართველოსთან - 5 მოგება, 2 ფრე, 3 წაგება. არადა, ამ მატჩამდე, ბოლო სამი შეხვედრა საქართველოს არ ჰქონდა ბულგარეთთან წაგებული. უნდა ითქვას, რომ სოფიაში, „ვასილი ლევსკიზე“ ბულგარეთთან მეხუთედ დამარცხდა - 0:2, 2:6, 2:6, 1:4, 1:2. საქართველომ ბულგარეთში ერთადერთხელ მოიგო, 2022 წლის ივნისში, მაგრამ ის მატჩი რაზგრადში გაიმართა (5:2).

შესარჩევი ეტაპი საქართველოს ნაკრებმა 3 ქულით მესამე ადგილზე დაასრულა (1 მოგება, 5 წაგება). ბულგარეთს, რომელსაც ასევე 3 ქულა აქვს, მხოლოდ ბურთების ბალანსით აჯობა.

მსოფლიოს ჩემპიონატზე ამ ჯგუფიდან როგორც მოსალოდნელი იყო, ესპანეთის ნაკრები გავიდა, რომელმაც პირველი ადგილი მშვიდად დაიკავა, ხოლო თურქეთს მეორე ადგილი ერგო და გამოსვლას პლეი-ოფში გააგრძელებს, სადაც ვინჩენცო მონტელას გუნდი ერთ-ერთი ფავორიტი იქნება.

მომდევნო სანაკრებო პაუზამდე დიდი დროა, მარტში საქართველოს ნაკრებს ამხანაგური მატჩების ჩატარება მოუწევს (მეტოქეების ვინაობა ჯერ უცნობია). იმედია, ამხანაგურების (ორი მატჩის) და არა ამხანაგურის (ერთი მატჩის), თუმცა, არაფერია გამორიცხული...

და, იქნებ, სამწვრთნელო შტაბის ცვლილების დრო მოვიდა?

ბევრი პასუხგაუცემელი კითხვაა, საქართველოს ნაკრებმა დაკარგა თამაში, მუხტი, ემოცია, მოტივაცია და ვილი სანიოლი ვერ ახერხებს გამოსავლის პოვნას...

ბულგარეთი - საქართველო 2:1 (2:0)

სოფია, „ვასილი ლევსკი“

ბულგარეთი (4-3-3): მიტოვი; გეორგიევი, კ. დიმიტროვი, ველკოვი, პეტროვი; გრუევი, სტოიანოვი (შოპპვი 76), კრასტევი (ჩოჩევი 90); რუსევი (მინჩევი 76), დესპოდოვი (პეტკოვი 60), ზ. დიმიტროვი (ნიკოლოვი 60)

მწვრთნელი: ალექსანდარ დიმიტროვი

საქართველო (4-3-3): მამარდაშვილი; გოჩოლეიშვილი, კაშია, ლოჩოშვილი, წიტაიშვილი; ქოჩორაშვილი, მექვაბიშვილი (ქვილითაია 31), კიტეიშვილი (აბუაშვილი 86); დავითაშვილი (გულიაშვილი 76), ზივზივაძე, კვარაცხელია

მწვრთნელი: ვილი სანიოლი

გოლები: 1:0 რუსევი (10), 2:0 კრასტევი (24), 2:1 ლოჩოშვილი (89)

გაფრთხილება: მიტოვი (84) - კიტეიშვილი (30), ქვილითაია (45)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 3 (3) – 17 (3) ბურთის ფლობა: 22%-78% კუთხურები: 0:4 თამაშგარე: 0:0

მსაჯი: იაკობ კელეტი (დანია)

1. ესპანეთი 6 5 1 0 21 2 19 16
2. თურქეთი 6 4 1 1 17 12 5 13
3. საქართველო 6 1 0 5 7 15 -8 3
4. ბულგარეთი 6 1 0 5 3 19 -16 3
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.095547