უეფას ზონიდან მსოფლიოს ჩემპიონატზე 12 ნაკრები გავიდა, 12 ჯგუფის გამარჯვებული, მაგრამ კიდევ 4 უნდა გაირკვეს, პლეი-ოფის გზით.
პლეი-ოფში 16 ნაკრებია გასული, რომლებიც 20 ნოემბერს, წილისყრით დაწყვილდებიან. იქნება ჯერ ნახევარფინალები და შემდეგ 4 ფინალი, სწორედ ამ ფინალების გამარჯვებულები გავლენ ფინალურ ეტაპზე. კალათების შედეგად, ნაკრებები ასე განაწილდნენ: საწყის სამ კალათში მოხვდა თითოეული ჯგუფის მეორე ადგილოსანი (12 ნაკრები), ხოლო მეოთხე კალათა დაკომპლექტდა იმ 4 ნაკრებით, რომლებმაც შანსი ერთა ლიგის გასული სეზონის შედეგებიდან მიიღეს (ნაკრებები, რომლებმაც საკვალიფიკაციო ეტაპის ჯგუფურ ეტაპზე ვერც პირველი და ვერც მეორე ადგილი დაიკავეს. შედეგად, ოთხი კალათა წილისყრის წინ შემდეგნაირია:
I კალათა
იტალია, დანია, თურქეთი, უკრაინა
II კალათა
პოლონეთი, უელსი, ჩეხეთი, სლოვაკეთი
III კალათა
ირლანდია, ალბანეთი, ბოსნია, კოსოვო
IV კალათა
რუმინეთი, შვედეთი, ჩრდ. მაკედონია, ჩრდ. ირლანდია
ვთქვათ, რომ ნახევარფინალებში პირველი კალათის წევრები მეოთხე კალათის წევრებს შეხვდებიან, ხოლო შესაბამისად, მეორეს წევრები - მესამეს. აქვე ისიც ვახსენოთ, რომ პირველი კალათის ბინადრებს ერთმანეთთან თამაში არც ფინალში მოუწევთ, არა მარტო ნახევარფინალში. უფრო კონკრეტულად კი, მაგალითად, იტალიის მეტოქე ნახევარფინალში რუმინეთი, შვედეთი, ჩრდილოეთ მაკედონია ან ჩრდილოეთ ირლანდია იქნება, ეს ოთხი ვარიანტი აქვს.
როგორც ვთქვით, პლეი-ოფის წილისყრა, 20 ნოემბერს, თბილისის დროით 16:00 საათზეა, ხოლო მატჩები 2026 წელს გაიმართება: ნახევარფინალები 26 მარტს, ხოლო ფინალები 31 მარტს და გაირკვევა 16-დან 4 ნაკრები, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშებს.
კიდევ ერთი: პირველი-მეორე კალათის წევრი ნაკრებები ნახევარფინალურ მატჩს შინ ჩაატარებენ (მესამე-მეოთხე სტუმრად), ხოლო ფინალის მასპინძლები ოთხივე წყვილში წილისყრით გაირკვევა.
მსოფლიოს ჩემპიონატზე უკვე გავიდნენ ავსტრალია, ირანი, იაპონია, იორდანია, კატარი, საუდის არაბეთი, სამხრეთ კორეა, უზბეკეთი, ალჟირი, კაბო ვერდე, ეგვიპტე, განა, კოტ დივუარი, მაროკო, სენეგალი, სამხრეთ აფრიკა, ტუნისი, კანადა, მექსიკა, აშშ, არგენტინა, ბრაზილია, კოლუმბია, ეკვადორი, პარაგვაი, ურუგვაი, ახალი ზელანდია, ინგლისი, საფრანგეთი, ხორვატია, პორტუგალია, ნორვეგია, ნიდერლანდები, გერმანია, შვეიცარია, ესპანეთი, შოტლანდია, ავსტრია, ბელგია.









