საქართველოს ნაკრების მეკარემ გიორგი მამარდაშვილმა სოციალურ ქსელში მესიჯი გამოაქვეყნა, რომელშიც წერს, რომ სწორედ ასეთ დროს ჩანს, ვინ დგას გუნდის გვერდით ბოლომდე:
„ამ თამაშების შემდეგ ყველაზე კარგად იგრძნობა, რა ბევრს ნიშნავს ერთმანეთის გვერდში დგომა. ფეხბურთში გამარჯვება ყოველთვის ჩანს, მაგრამ ყველაზე ძვირფასი მხარდაჭერა სწორედ მაშინ არის, როცა შედეგი იმედის გამართლებას ვერ ახერხებს. ჩვენ ერთად ვქმნით იმ ისტორიას, რომელიც მხოლოდ მოგებებით არ იწერება და სწორედ ასეთ მომენტებში ჩანს, ვინ დგას გუნდის გვერდით ბოლომდე. მადლობა ყველას, ვინც დღესაც, გუშინაც და ხვალაც ჩვენს უკან დგას და იდგება. წინ კიდევ დიდი გზაა და ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ეს გზა გამარჯვებებით გავაგრძელოთ. თქვენი მხარდაჭერა ყველაზე დიდ ძალას გვაძლევს“, - დაწერა მამარდაშვილმა სოციალურ ქსელში.
შესარჩევი ეტაპი საქართველოს ნაკრებმა 3 ქულით მესამე ადგილზე დაასრულა (1 მოგება, 5 წაგება). ბულგარეთს, რომელსაც ასევე 3 ქულა აქვს, მხოლოდ ბურთების ბალანსით აჯობა.
მომდევნო სანაკრებო პაუზამდე დიდი დროა, მარტში საქართველოს ნაკრებს ამხანაგური მატჩების ჩატარება მოუწევს (მეტოქეების ვინაობა ჯერ უცნობია). იმედია, ამხანაგურების (ორი მატჩის) და არა ამხანაგურის (ერთი მატჩის), თუმცა, არაფერია გამორიცხული...







