ბულგარეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ალექსანდარ დიმიტროვმა საქართველოს ნაკრებთან გამარჯვების (2:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა.
როგორც მან თქვა, ის იმიტომ დათანხმდა ბულგარეთის ნაკრების მწვრთნელობაზე, რომ სჯერა ფეხბურთელების პოტენციალის:
„ფეხბურთელები იმსახურებენ ჩემს პატივისცემას. ისინი ცდილობდნენ, კონცენტრაციითა და თავდადებით თამაშობდნენ. მიხარია, რომ ამ თამაშმა და თამაშში მათი შესვლის მანერამ შედეგი გამოიღო. მათ ეს დამოკიდებულება აჩვენეს ამ ორი თვის განმავლობაში, რაც ერთად ვართ. საქართველო ღირსეული მეტოქეა, ძალიან კარგი მოთამაშეებით დაკომპლექტებული, ბოლო ევროპის ჩემპიონატის მონაწილე. ამოცანა იყო თავდაჯერებულობა და გოლის არ გაშვება, მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი კარგად დასრულდა.
ვიცნობ ამ მოთამაშეებს და ვიცი, რა შეუძლიათ მათ ხასიათისა და მენტალიტეტის თვალსაზრისით. სწორედ ამიტომ დავთანხმდი აქ მუშაობას, რადგან მათი მჯეროდა. რა არის დღეს საუკეთესო? გამარჯვება! სწორედ ამიტომ ვარ დღეს ასე ბედნიერი“, - თქვა დიმიტროვმა.
შესარჩევი ეტაპი საქართველოს ნაკრებმა 3 ქულით მესამე ადგილზე დაასრულა (1 მოგება, 5 წაგება). ბულგარეთს, რომელსაც ასევე 3 ქულა აქვს, მხოლოდ ბურთების ბალანსით აჯობა.
მომდევნო სანაკრებო პაუზამდე დიდი დროა, მარტში საქართველოს ნაკრებს ამხანაგური მატჩების ჩატარება მოუწევს (მეტოქეების ვინაობა ჯერ უცნობია). იმედია, ამხანაგურების (ორი მატჩის) და არა ამხანაგურის (ერთი მატჩის), თუმცა, არაფერია გამორიცხული...









